Site icon Civil.ge

სააკაშვილი 2013 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობას დებს

Wall Street Journal-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ამოცანაა დემოკრატიის გაღრმავება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფა 2013 წელს მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის დროს.

”ყველაზე დიდი პასუხი, რომელიც მე შეიძლება მქონდეს [აგვისტოს ომის შემდეგ] არის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ორგანიზება, რომელსაც რუსები არ გააკონტროლებენ,” – განაცხადა პრეზიდენტმა. ”მე ვეტყოდი მეზობლებს – ხალხს და არა მხოლოდ ლიდერებს – რომ პუტინი არ არის მთავარი მოჩხუბარი სამეზობლოში”.

20 ივლისს პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლაში პრეზიდენტი სააკაშვილი პირობას დადებს, რომ ჩატარდება ახალი ადგილობრივი არჩევნები, ასევე დაპირდება ოპონენტებს უფრო ფართო მედია სივრცეს და ოპოზიციას გადაწყვეტილების მიღების ზოგიერთ ორგანოში ადგილებს შესთავაზებს, იტყობინება Wall Street Journal-ი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს წინადადებები უკვე რამდენჯერმე დააყენა ბოლო თვეების მანძილზე.

მან უარყო, რომ პარლამენტში მისი გამოსვლის დრო საგანგებოდ უკავშირდებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ორდღიან ვიზიტს საქართველოში, რომელიც 22 ივლისს იწყება და განაცხადა, რომ ეს შიდა პრობლემებითაა გამოწვეული.

”ეს შესაფერისი მომენტია,” – განაცხადა მან, ”რადიკალური ოპოზიცია შეცბუნებულია”.

იმავე ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემოერთება ნაკლებად სავარაუდოა ახლო მომავალში.   

მან საქართველოს იმედებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ”თითქმის მკვდარი” უწოდა.

”ეს ტრაგიკულია,” – განაცხადა მან, ”ეს ნიშნავს, რომ რუსები სწორი მიზეზისთვის იბრძოდნენ”.
 
     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)