Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ”ომის საფრთხე ჩავლილია”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 29 ივლისს, რომ ზაფხულში არსებობდა რუსეთის საქართველოზე თავდასხმის საფრთხე, თუმცა აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ”ხალხის ერთობა” ქვეყნის შიგნით დაეხმარა ქვეყანას თავიდან აეცილებინა ომი.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პუტინს წელსაც უნდოდა საქართველოზე თავდასხმა, რათა ”ბოლო მოეღო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის”.

”ქართული სახელმწიფო არ ჩამოიშალა აპრილის შემდეგ; ჩვენმა ხალხმა შეინარჩუნა ერთობა და ეკონომიკა არ ჩამოიშალა… დღეს რუსეთის ეკონომიკა და უმეტესი ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ამ ფაქტორების გამო და ასევე დასავლეთის და აშშ-ს მხარდაჭერის გამო ომის საფრთხემ ამ ზაფხულს ჩაიარა,” – განაცხადა მან.

სააკაშვილი გუშინ გლდანის მოსახლეობას შეხვდა იმ ”სახალხო დიალოგის” ფარგლებში, რომლის ინიციატივითაც პრეზიდენტი 20 ივლისს პარლამენტში გამოვიდა. 

”ჩემი მიზანი მომდევნო რამოდენიმე წლის მანძილზე, რაც ჩემის ვადის ამოწურვამდე დარჩა, იქნება თქვენი ხმის მიტანა თითოეულ სახელმწიფო მოხელემდე და საერთაშორისო თანამეგობრობამდე,” – განაცხადა მან შეხვედრაზე.

”ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს ტელევიზორით, ყველაზე მეტადაა დაშორებული თქვენი პრობლემებიდან. საქართველოში ერთ მხარეს არის პოლიტიკოსთა დიდი ჯგუფი, რომელთათვისაც ლაპარაკი ბიზნესია და მეორე მხარეს ხალხი. პოლიტიკოსები ტელეწამყვანებად იქცნენ და, ფაქტობრივად, ლაპარაკობენ იმ ხალხზე, რომელიც მათ არ უნახავთ, ლაპარაკობენ იმ პრობლემებზე, რომელთა შესახებ არაფერი იციან. აქ თქვენს მოსასმენად მოვედი. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ ბევრად უფრო ადვილია ხალხთან პირისპირ ლაპარაკი, ვიდრე ტელევიზიით ყოველ საღამოს ერთი და იგივეს გამეორება. ჩვენი აუდიტორია არა ტელევიზიის სტუდია, არამედ ხართ თქვენ, რომლებსაც ყოველდღიური ბრძოლა გიწევთ არსებობისთვის. ამიტომ, მთავრობას დავავალე, რომ თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას შეხვდეს და ადგილზე გაეცნოს პრობლემებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)