Site icon Civil.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა 16 კანდიდატს სურს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადი 16 ადამიანმა შეიტანა. განაცხადების შეტანის ვადა 3 აგვისტოს 18:00 საათზე ამოიწურა. 

კანდიდატებს შორისაა გენერალური დირექტორის მოადგილე გია ჭანტურია, რომელიც 20 ივლისიდან გენერალური დირექტორის მოვალეობებს ასრულებს. სწორედ ამ დღეს დატოვა თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილმა. გია ჭანტურია გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის 2008 წელსაც იბრძოდა, თუმცა მაშინ სამეურვეო საბჭომ ლევან ყუბანეიშვილი აირჩია.

გენერალური დირექტორობისთვის ასევე იბრძვის ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი და ყოფილი თანამფლობელი ეროსი კიწმარიშვილი.

ამ თანამდებობისთვის ასევე იბრძვის ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა გაზეთების სარედაქციო კოლეგიაში მუშაობდა და მაღალი სარედაქციო თანამდებობები ეკავა სხვადასხვა ტელევიზიებში. ჭანტურიას მსგავსად ქორიძეც მონაწილეობდა 2008 წელს გამოცხადებულ კონკურსში.

განაცხადი ასევე შეიტანა გიორგი ციხისელმა, რომელიც რუსულენოვანი სატელევიზიო მაუწყებლის RTVi-ის ვიცე-პრეზიდენტი და საინფორმაციო პროგრამების დირექტორია.

დანარჩენი კანდიდატები არიან: ყოფილი ტელეწამყვანი ლალი მოროშკინა; ტელეკომპანია ”მზის” თოქშოუს წამყვანი მარინა სალუქვაძე; ასევე ბაჩუკი ბახტაძე; მერაბ კელენჯერიძე; ქეთევან ხახუბაია; მერაბ ჩოფიკაშვილი; ზურაბ მაღალაშვილი; თეიმურაზ ქორიძე; გიორგი გუბერიძე; გიორგი კაჭარავა; რუსუდან მეტრეველი და თამაზ ბიბილური.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არსებული კანდიდატებიდან შესაფერის კანდიდატურებს 6 აგვისტოსთვის შეარჩევს, ხოლო მეორე ტური, რომლის დროსაც შერჩეულ კანდიდატებთან ინტერვიუები გაიმართება, 7-8 აგვისტოს ჩატარდება; სამეურვეო საბჭო ახალი გენერალურ დირექტორს 10 აგვისტოს დაასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)