Site icon Civil.ge

ევროკავშირის მონიტორინგის მისია: მდგომარეობა ”საერთო ჯამში მშვიდი” რჩება

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ გააძლიერა პატრულირება სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმდებარე ტერიტორიებზე შარშანდელი აგვისტოს ომის წლისთავის მოახლეობასთან ერთად.

”დღემდე, გაზრდილი დაძაბულობისა და იმ მტკიცებების მიუხედავად, რომ ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მდგომარეობა საერთო ჯამში მშვიდი რჩება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ყველა მხარე გააგრძელებს ძალისხმევის გაწევას მოცემული მდგომარეობის შესანარჩუნებლად,” – ნათქვამია მისიის მიერ 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

მისიამ კვლავ მოუწოდა მხარეებს გამოიჩინოს თავშეკავება ”ისეთი განცხადებების გაკეთებისას და იმ ქმედებებში, რომლებიც შესაძლოა  არასწორად ან შეცდომით იქნას  აღქმული”, ხოლო სადავო საკითხების ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

”ჩვენ მზად ვართ საჭიროებისამებრ ორგანიზება გავუწიოთ შემდგომ შეხვედრებს მხარეებს შორის. ასევე, თანახმა ვართ შევისწავლოთ დამატებითი მტკიცებულებები თუ ამისათვის  ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეზე გადასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა,” – განაცხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა 6 აგვისტოს ასევე მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ ისეთი ”ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელმაც შესაძლოა სიტუაციის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს”.

”კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ჩვენ უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდის წინაშე ვდგავართ,” – აღნიშნა მან განცხადებაში. ”ჭრილობები ჯერ არ შეხორცებულა და რეგიონი კვლავ მყიფე და არასტაბილურია”.

ეუთოს ივნისის ბოლოს საქართველოში მისიის დახურვა მოუწია მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო. ბაკოიანისმა განაცხადა, რომ საბერძნეთის შემოთავაზება ”ნეიტრალური სტატუსის თაობაზე”, რაც მისიის განახლებას ისახავს მიზნად, კვლავ ძალაში რჩება.

”ჩვენ კვლავ ვცდილობთ მივაღწიოთ მოგვარებას, რაც საშუალებას მისცემს ეუთოს ძლიერი წარმომადგენლობა ყავდეს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ კონსენსუსს ამგვარი მუშაობის ფორმატზე,” – განაცხადა ბაკოიანისმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)