Site icon Civil.ge

მედვედევი სარკოზის: მოსკოვი სრულად ასრულებს თავის ვალდებულებებს

თავისი ფრანგი კოლეგისათვის ნიკოლა სარკოზისთვის გაგზავნილ წერილში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი წერს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ახალი რეალობა წარმოიშვა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია.

”აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ავანტურული პოლიტიკის შედეგად ამიერკავკასიაში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ნაკლებად შესაძლებელია ორი ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებელი არსებობის იგნორირება,” – ნათქვამია წერილში, რომლის ნაწყვეტებიც კრემლის ვებ-გვერდეა გამოქვეყნებული.

მედვედევმა ხაზი გაუსვა თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის საჭიროებას.

”დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა დაეხმარება ძალადობის ახალი ტალღის თავიდან აცილებას და გამორიცხავს შარშანდელი ტრაგედიის გამეორებას,” – წერს იგი.

მედვედევმა ასევე გაუსვა ხაზი იმის საჭიროებას, რომ ყველა ქვეყანამ ”თავი უნდა შეიკავოს საქართველოს იარაღით მომარაგებისგან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით”.

”იმ დღეებში [აგვისტოს ომის დროს] საფრანგეთის შემოერთება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ჩვენ მცდელობებში შეგვეჩერებინა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული აგრესია ეფექტური და შედეგიანი გამოდგა,” – წერს მედვედევი სარკოზის.

”ფაქტიურად, 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთახმებები კვლავ ერთადერთ ”ქცევის კოდექსად” რჩება ამიერკავკასიის ამ რეგიონში. რუსეთმა ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში მთლიანად შეასრულა თავისი ვალდებულებები ამ დოკუმენტების თანახმად,” – ნათქვამია წერილში.

მან იმედი გამოთქვა, რომ ”შესაძლებლობა ვიპოვოთ შესაფერისი ფორმულა” სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ეუთოს და გაეროს მისიების საქმიანობის გასაგრძელებლად შენარჩუნებულია. თუმცა, მან იქვე დასძინა: ”რა თქმა უნდა, მას უნდა დაეთანხმოს სამივე მხარე – სამხრეთ ოსური, აფხაზური და ქართული”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)