სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლეობას ნებაყოფლობით ჩააბაროს ცეცხლსასროლი იარაღი და სანაცვლოდ, მთავრობა აპირებს, რომ ფულადი კომპენსაციაც დააწესოს, იტყობინება New York Times-ი.
სტატიის თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოსახლეობიდან 100 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ზოგი მათგანი ნებაყოფლობით იქნა ჩაბარებული. ამ იარაღებს შორისაა 15 ამერიკული M-4 ტიპის ავტომატური შაშხანა, რომელიც, გაზეთის ცნობით, რეგიონში აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა.
New York Times-ის ცნობით, ხელისუფლება სეპარატისტულ რეგიონში აპირებს, რომ მოსახლეობას 300-400 აშშ დოლარი შესთავაზოს თითო ჩაბარებულ კალაშნიკოვის ტიპის იარაღზე.
სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიტალი გასიევმა განუცხადა New York Times-ს, რომ ამ კამპანიის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ის უარყოფითი მაგალითი, რომელიც რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე გამოსცადა, როდესაც ომის შემდეგ მოსახლეობაში და ”უკონტროლო ელემენტებში” უამრავი იარაღი დარჩა.
”ვფიქრობ, რომ ეს პროექტი იმუშავებს. ახლა უკვე არსებობს უსაფრთხოების გარანატიები” რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის სახით, – განაცხადა გასიევმა.
რამოდენიმე წლის წინ, ეუთო-მ სცადა ანალოგიური პროგრამა დაეწყო, თუმცა უშედეგოდ, განუცხადა New York Times-ს კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group) მკვლევარმა მაგდალენა ფრიჩოვამ. მან აღნიშნა, რომ ახლა სიტუაცია შეიცვალა და შესაძლოა რუსეთი გრძნობს, რომ აუცილებელია მეტი კონტროლი რეგიონში, სადაც შეიარაღებული დაჯგუფებები თავისუფლად მოქმედებენ.
სეპარატისტული რეგიონის ელჩმა მოსკოვში დიმიტრი მედოევმა განუცხადა გამოცემას, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სამხრეთ ოსეთში ყველა ოჯახს გააჩნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)