Site icon Civil.ge

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა სარდლობა თბილისს სტუმრობს

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ძალების დელეგაცია საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლის, გენერალ ჯეიმს კონვეის ხელმძღვანელობით თბილისში შეხვედრებს მართავს.

დელეგაცია 21 აგვისტოს უკვე შეხვდა თავდაცვის მინისტრს დავით სიხარულიძეს და ქართველ სამხედრო მაღალჩინოსნებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან ეკა ტყეშელაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან.

1 სექტემბრიდან ამერიკელი საზღვაო ქვეითი ინსტრუქტორები, რომლებიც საქართველოში 15 აგვისტოს ჩამოვიდნენ, ახალი პროგრამის ფარგლებში ქართველ ჯარისკაცებს ავღანური მისიისთვის გაწვრთნიან.  

პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ მორელმა განაცხადა, რომ ”ეს [წვრთნის პროგრამა] არ არის გათვლილი იმაზე, რომ ისინი [ქართველი ჯარისკაცები] ქვეყნის შიდა თავდაცვაში მოვამზადოთ.”

მაგრამ The Associated Press-ი 21 აგვისტოს იტყობინება: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ”სიხარულიძემ The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ჩატარებული წვრთნები [ქართველ] სამხედროებს მისცემს იმ უნარებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ ნატოს მოკავშირეების გვერდით საბრძოლველად ავღანეთში, არამედ რომელიც სასარგებლო შესაძლოა აღმოჩნდეს, თუ კიდევ ერთი ომი დაიწყება საქართველოს და რუსეთს შორის”.

თუმცა მოგვიანებით Associated Press–მა კვლავ გაავრცელა ამავე თემაზე ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ინტერვიუდან რამოდენიმე საათში სიხარულიძემ უკან წაიღო თავისი სიტყვები და განაცხადა, რომ მისი კომენტარი არ გულისხმობდა იმას, თითქოს წვრთნისგან მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება სხვა მიზნისთვის, გარდა ავღანეთის მისიისა.

21 აგვისტოს, გვიან ღამით, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ Associated Press-ის სტატიაში დავით სიხარულიძის კომენტარი ”არასწორად იქნა გადმოცემული.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)