საქართველოში ელექტრონული ტექნიკით მოვაჭრე უმსხვილესმა კომპანიამ 21 აგვისტოს ”ელიტელისა” და ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელი დახურა მას შემდეგ, რაც სავაჭრო ობიექტებზე საგადასახადო ინსპექცია შევიდა.
”ელიტ ელექტრონიქსის” მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია ”ფინანსური პოლიციის მიერ
უსაფუძვლოდ დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან აწარმოებს” სასამართლო დავას, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა.
”აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, საბანკო ანგარიშებს 2009 წლის 10 აგვისტოს დაედო ინკასო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას. 21 აგვისტოს ფულის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებზე შევიდა საგადასახადო ინსპექცია, რის გამოც, კომპანია ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას და ხურავს მაღაზიათა ქსელს,”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორპორაცია საქართველოს მაშტაბით ”ელიტ ელექტრონიქსის" 32 მაღაზიას – თბილისში 11 მაღაზია, ბათუმში 6, ასევე რუსთავში, ფოთში, მარნეულში, გორში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში, წნორში, სენაკში, ვანში, ზუგდიდში, თელავში, საჩხერეში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, საგარეჯოში, მარტვილში, ქობულეთსა და ხაშურში – და ასევე, 40 სადილერო მაღაზიას მოიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)