Site icon Civil.ge

რუსეთი საქართველოს გემების დაკავების წინააღმდეგ აფრთხილებს

საქართველოს მიერ აფხაზეთში მიმავალი გემების დაკავებამ შესაძლოა ახალი შეიარაღებული ინციდენტები განაპირობოს, განაცხადა 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

მისი თქმით, ამ ქმედებებით ქართული მხარე არღვევს საზღვაო სამართლის 1982 წლის კონვენციას.

”არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთი მოქმედებები არღვევს საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის წესებს, ეს არის მცდელობა აფხაზეთის სანაპიროს საზღვაო ბლოკადაში მოქცევის და შეიძლება გამოიწვიოს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება და სერიოზული შეიარაღებული ინციდენტები,”- იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნესტერენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისმა შარშანდელი ომის შემდეგ ”უარი არ თქვა თავის მილიტარისტულ გეგმებზე და ტერიტორიული საკითხების ძალისმიერად მოგვარების გათვლებზე”.

”მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო გაუთვალისწინებელ შედეგებზე ამასთან დაკავშირებით სრულად ეკისრება ქართულ მხარეს,”- აღნიშნა ნესტერენკომ.

საქართველოს სანაპირო დაცვამ წელს აფხაზეთისკენ და აფხაზეთიდან მომავალი ოთხი სატვირთო გემი დააკავა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის მოტივით. ეს კანონი კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რაიმე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას ქართული მხარის თანხმობის გარეშე.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ მან გასცა ბრძანება განადგურდეს ყველა ის ქართული გემი, რომელიც ”აფხაზეთის საზღვარს დაარღვევს” და აღნიშნა, რომ ამას აფხაზური ძალები დამოუკიდებლად გააკეთებენ, რითაც უარყო ადრე გაცხადებული აფხაზურ-რუსული ერთობლივი მოქმედებების გეგმები.

28 აგვისტოს რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ევგენი ინჩინმა და ასევე სეპარატისტული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსმა ზურაბ მარგანიამ გააკეთეს იდენტური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში მიმავალ გემებს რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთობლივად დაიცავენ. ინჩინმა განაცხადა, რომ გემების ”ხელშეუხებლობა” რუსეთის კატარღების მიერ ”უახლოეს ხანებში” იქნებოდა უზრუნველყოფილი.

რუსი მაღალჩინოსნის ოფიციალური განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 1 სექტემბერს, რომ რუსეთის შესაძლო ქმედებები ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია როგორც საქართველოს ნაწილი, საზღვაო სამართლის 1982 წლის კონვენციის დარღვევა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის მიერ ზემოთ აღნიშნული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, ”საქართველოს შეუძლია გამოიყენოს კონვენციით მინიჭებული უფლებები და მიიღოს ზომები ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონაში, რათა აღკვეთოს რუსეთის მხრიდან ტერიტორიულ ზღვაში საბაჟო, საემიგრაციო და სხვა კანონების ან წესების დარღვევა და დასაჯოს ეს ქმედება”.

”ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ შესაძლებლობას თავისი სუვერენული უფლებების დაცვისა და რუსული მხარის თვითნებობის აღკვეთის მიზნით,” – დასძინა მან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა 2 სექტემბერს, რომ შეშფოთებულია ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების განცხადებების გამო ამ საკითხზე.

მისიის განცხადებით, აღნიშნული საკითხი შეტანილია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც გალში 8 სექტემბერს გაიმართება.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)