Site icon Civil.ge

სომხეთის პრეზიდენტი ჯავახეთში სომხურის როგორც ”რეგიონალური ენის” საჭიროებაზე საუბრობს

სომხური ენისთვის ”რეგიონალური ენის” სტატუსის მინიჭება ჯავახეთში, სხვა ნაბიჯებთან ერთად, ”გააძლიერებს მეგობრობას” საქართველოსა და სომხეთს შორის, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

1 სექტემბერს სომეხ დიპლომატებთან შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვაში, რომლის ტექსტიც სომხეთის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სარგსიანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა და განაცხადა, რომ ერევანი განაგრძობს ”ურთიერთხელსაყრელ” ურთიერთობებს თავის ორ უშუალო მეზობელთან – საქართველოსთან და ირანთან.

”ჩვენ სერიოზული ძალისხმევა უნდა მივმართოთ საქართველოს სომეხი მოსახლეობის დასახმარებლად,” – განაცხადა მან საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრისას. ”ჩვენი პოლიტიკის ლოგიკა ჯავახეთთან მიმართებაში უნდა გამომდინარეობდეს პრინციპიდან ”ინტეგრაცია ასიმილიაციის გარეშე”. ამ შემთხვევაში ინტეგრაცია უნდა ითვალისწინებდეს საქართველოში მცხოვრები სომხების როგორც საქართველოს ღირსეული, პატივსაცემი მოქალაქეების გაძლიერებას. ვფიქრობ, რომ საქართველოში სომხური ენის რეგიონალურად აღიარება, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეგისტრაციის უზრუნველყოფა [საქართველოსი] და საქართველოში არსებული სომხური ისტორიული ძეგლების დაცვა მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველო-სომხეთის მეგობრობის გაძლიერებას და ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაღრმავებას”.

”ჩვენ დელიკატურად უნდა მივუდგეთ ყველა ამ საკითხს, თუმცა ამავე დროს თანმიმდევრულნი და პრინციპულები უნდა ვიყოთ,” – დასძინა მან.

 სომხეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი განაგრძობს ”პოლიტიკურ დიალოგს” საქართველოსთან ”უმაღლეს დონეზე”. იგი მიესალმა ”ინტენსიურ სამუშაოებს” გიუმრი-ახალციხე-ბათუმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, სომხეთს შავი ზღვისკენ გაუხსნის გზას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)