ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის მთლიანმა შემოსავლებმა 2008 წელს 1.312 მლრდ ლარი შეადგინა, ნაცვლად 2007 წლის 1.114 მილიარდი ლარისა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშში.
საერთო შემოსავლებმა ქვეყნის მშპ-ის 6.88% შეადგინა, მაშინ როცა 2007 წელს ეს მაჩვენებელი 6.6% იყო.
წინა წლების მსგავსად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მთლიანი შემოსავლების 63.3%-იანი წილი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სეგმენტზე მოდის. შემდეგ მოდის ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება 29%-ით და ტელე და რადიო მაუწყებლები 7.7%-ით.
2008 წელს მობილური სატელეფონო ოპერატორების შემოსავლები 126 მილიონი ლარით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 830.8 მილიონი ლარი შეადგინა.
2008 წელს მობილური სატელეფონო ქსელის აქტიური აბონენტების რაოდენობა 155 383-ით გაიზარდა და 2.755 მილიონს მიაღწია. რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი აბონენტების რაოდენობის ზრდის კუთხით 2007 წელს დაფიქსირდა გაიზარდა რა ის 895 000-ით.
ჯეოსელი და მაგთი ორი უმსხვილესი მობილური სატელეფონო ოპერატორი კომპანიაა საქართველოში. თუმცა, 2007 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე რუსული ”ვიმპელკომი” შემოვიდა სახელწოდებით ”ბილაინი”.
2008 წელს, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები 381 მლნ ლარამდე გაიზარდა, წინა წლის 329 მილიონის ნაცვლად. სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა 2008 წელს 618 000-მდე გაიზარდა 2007 წელს არსებული 556 000-დან.
ტელე-რადიო მაუწყებლობის ბაზრის შემოსავლები 2007 წლის 80.1 მილიონი ლარიდან 100.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2008 წელს. ყველაზე დიდი წილი ტელევიზიებზე მოდის 80.87 მილიონი ლარით; მას მოყვება საკაბელო ტელევიზიები – 11.36 მილიონი ლარით და რადიოსადგურები – 8.27 მილიონი ლარით.
საქართველოში 30-ზე მეტი ტელეკომპანიაა, მათ შორის 7 თბილისშია განთავსებული და 34 რადიოსადგური, მათ შორის 24 – თბილისში.
ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 2007 წელს არსებული 42.5 მილიონიდან 65.35 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2008 წელს.
ანგარიშის თანახმად, ასევე გაიზარდა საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა: 2007 წელს არსებული 521 000-დან 903 400-მდე 2008 წელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)