საქართველოს საპატრიარქომ უარყო რაიმე კავშირი და ”დეზინფორმაცია” უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული ოთხი ყოფილი პოლიციელის გათავისუფლებაში რაიმე წვლილი მიუძღვის ან ამ პირების ერთწლიან შეფარებას აპირებს მონასტერში.
კვირას ქართული მედია საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ოთხივე ყოფილი მსჯავრდებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა, რომელმაც კურთხევა მისცა მათ, რომ მომდევნო ერთი წელი მონასტერში გაატარონ; ტელევიზიებმა ასევე უჩვენეს სამების საკათედრო ტაძარში გადაღებული კადრები, სადაც ოთხივე სანთლებს ანთებენ.
7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო ილია II-სა და ოთხი პირის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე არაფერს ამბობს, თუმცა უარყობს იმ ინფორმაცია, რომ მოხდა მათთვის კურთხევის მიცემა რათა მათ მომდევნო ერთი წელი მონასტერში გაატარონ.
”უნდა განვაცხადოთ, კათოლიკოს-პატრიარქს არც მათ ვადამდე გათავისუფლებაში აქვს რაიმე კავშირი და არც რომელიმე მონასტერში ისინი არ გაუგზავნია,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
იქვე, აღნიშნულია რომ ეს ”დეზინფორმაცია” ნაწილია იმ ”ანტიეკლესიური კამპანიისა”, რომელიც ბოლო დროს ზოგიერთ ინტერნეტ და საგაზეთო გამოცემებში დაიწყო.
გასულ კვირას საპატრიარქომ ასევე გააკრიტიკა ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო სიუჟეტი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებულ ორ რუს ჟურნალისტს ეძღვნებოდა. დელეგაციის ერთი წევრი შემოუშვეს საქართველოში და ის პატრიარქსაც შეხვდა.
”იმედის” სიუჟეტში ნათქვამი იყო: ”საქართველოს ეკლესია შეიძლება ძალიან სახიფათო თამაშში იქნას ჩათრეული და რომ არ არის გამორიცხული პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი რუსულმა ძალებმა იდეოლოგიური ინტერვენციის გათეთრებისთვის გამოიყენონ”.
”საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დამცველად და ყველა მისი ნაბიჯი და მოქმედება მხოლოდ ამ მიზნით იყო და კვლავაც იქნება ნაკარნახევი,”- განაცხადა საპატრიარქომ 5 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ”ამდენად, ბრალდება ნებსით თუ უნებლიედ ეკლესიის მიერ უცხო ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობაზე სრულიად უსაფუძვლოა”.
მოგვიანებით ”იმედმა” განაცხადა, რომ მის რეპორტაჟი მიზნად არ ისახავდა საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაციას.
”ჩვენ მთავარი აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთიდან გამომდინარე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საფრთხეებზე,”- აღნიშნა ტელეკომპანიამ საპასუხოდ.
”ამ მორიგმა დეზინფორმაციამ [გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით] საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია,”- საპატრიარქოს 7 სექტემბრის განცხადებაში.
გია ალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მაშინდელი უფროსი და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამი თანამშრომელი – ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე ორი დღის წინ 384 მსჯავრდებულთან ერთად ვადამდე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ შარშან ნოემბერში პრეზიდენტის შეწყალების აქტით სასჯელის ვადა გაუნახევრდათ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააპროტესტეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ახალი მემარჯვენეები 7 სექტემბერს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აცხადებენ, რომ გირგვლიანის ”მკვლელების” გაათავისუფლება არის ”საზოგადოების ცინიკური გამოწვევა”.
”საქართველოში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად აუცილებლად დაისჯება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მონაწილე ყველა პირი,”- ნათქვამია განცხადებაში, ”შემაშფოთებელი ის არის, რომ მკვლელობის შემსრულებელთა და შემკვეთთა სიას ნებაყოფლობით მიემატნენ უპასუხისმგებლო და ამავე დროს, უკვე დამნაშავე პროკურორები, მოსამართლეები, შეწყალების კომისიის წევრები და პრეზიდენტი სააკაშვილი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)