ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში ”დაბნეულობა” გამოიწვია პრეზიდენტის გაეროში გაჟღერებულმა ინიციატივამ მერების პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე.
მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ 25 სექტემბერს საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ეს საკითხი არ ყოფილა განხილული, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზე ”პასუხი არ ჰქონდათ”.
”მათ თქვეს რომ არ ვართ მზად ამ საკითხზე სამსჯელოდო და ტაიმ-აუტი ითხოვეს თვითმმართველობის სისტემასა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხების განხილვასთან დაკავშირებით,”- განუცხადა კაციტაძემ Civil.ge-ს.
მმართველ პარტიაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა მიმდინარე კვირაში, ვიდრე პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან ახალ ინიციატივას გააჟღერებდა, დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ ვაჭავარიანმა და აკაკი ბობოხიძემ თბილისთან ერთად სხვა დიდ ქალაქებში მერების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, თავიანთი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს.
"მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობიდან ბევრი მხარს უჭერს, პირადად მე პირდაპირი არჩევნების მომხრე არ ვარ, ვინაიდან ეს ინსტიტუციონალურად გაუმართავი მოდელია და ბევრ ქვეყანაში ამ მოდელზე უარი თქვეს,” – განაცხადა ვიცე-სპიკერმა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე 24 სექტემბერს.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მომზადების ვადად ოქტომბრის ბოლო დასახელდა, რის შემდეგაც დაგეგმილია პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა, ხოლო თავად კანონის მიღება წლის ბოლოსთვისაა სავარაუდევი, განაცხადა მამუკა კაციტაძემ 26 სექტემბერს.
”ეს მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული მისაღები და საინტერესო წინადადებაა,”- თქვა მან და აღნიშნა, რომ ამ დრომდე სამუშაო ჯგუფში მხოლოდ ერთ საკითხზე იყო შეთანხმება მიღწეული – გასაჩივრების ვადის 24-დან 48 საათამდე გაზრდასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, შვიდთვიანი მუშაობისთვის მიზერული შედეგია.
სამუშაო ჯგუფმა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მარტიდან დაიწყო მუშაობა. ამ ჯგუფს ალიანსი საქართველოსთვის პოლიტიკური სუბიექტები სექტემბერში შეუერთდნენ და წარუდგინეს შვიდ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე შეთანხმებული პრინციპები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ყველა თვითმმართველ ქალაქში მერების პირდაპირი წესით არჩევასაც მოიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)