Site icon Civil.ge

რუსეთის საპატრულო კატარღები აფხაზეთში ნოემბერში შევა

რუსეთის სანაპირო დაცვის კატარღები ოჩამჩირეში აფხაზეთის ”ტერიტორიული წყლების” დასაცავად ნოემბრის შუა რიცხვებში განთავსდება, განაცხადა სეპარატისტულ რეგიონში არსებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის შენაერთის მეთაურმა იური ზვირიკმა.

”რამოდენიმე თანამედროვე კატარღა შემოუერთდება ჩვენ ოჯახს, რათა აფხაზური საზღვრების სანდო მცველები გახდნენ,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ზვირიკის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსული სანაპირო დაცვის კატარღას ”ნოვოროსიისკი”, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიულ წყლებში პატრულირებისთვის 21 სექტემბერს გაიგზავნა, შეუერთდება ”მანგუსტის” და ”სობოლის” ტიპის საპატრულო კატარღები. რუსული წყაროების ცნობით, სულ ოჩამჩირეში 10 კატარღა განთავსდება.

”ნოვოროსიისკი” სოხუმში 27 სექტემბერს შევიდა ე.წ. ”სოხუმის გათავისუფლების დღის” აღსანიშნავი ცერემონიის ფარგლებში. ამ დღეს, 16 წლის წინ, აფხაზურმა ძალებმა, რუსეთიდან მათი მოკავშირეების მხარდაჭერით, სოხუმი აიღეს, ქალაქის ორკვირიანი ალყის შემდეგ.

იმავდროულად, თბილისში, ჩვეულებისამებრ, სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა, რომლის დროსაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ახალმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიმ განუცხადა ჟურნალიტებს 27 მემორიალთან მისვლის შემდეგ: ”თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სახელმწიფოს ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეს ადამიანები  შეეწირნენ, მივიდეთ  მიზნამდე, რომელსაც გაერთიანებული საქართველო, ერთიანი და ძლიერი  სახელმწიფო ჰქვია.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)