Site icon Civil.ge

Wall Street Journal: ტალიავინის კომისია ორივე მხარეს დააკისრებს პასუხისმგებლობას

შარშანდელ აგვისტოს ომზე ტალიავინის მისიის 900-გვერდიანი საგამოძიებო დასკვნა, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდება, ორივე მხარეს – მოსკოვსა და თბილისს დააკისრებს პასუხისმგებლობას, წერს Wall Street Journal-ი 28 სექტემბერს საგამოძიებო მისიის წყაროზე დაყრდნობით.

გაზეთი ქართველი ოფიციალური პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ  თბილისმა გასულ პარასკევს ახალი დოკუმენტი გაუგზავნა მისიის ხელმძღვანელს ჰეიდი ტალიავინს.

”დოკუმენტი შეიცავს ქურდობაზე დაჭერილი ჯარისკაცის სასამართლო პროცესის ჩანაწერებს, რომელიც რუსეთში გაიმართა. ჩანაწერების თანახმად, ჯარისკაცი სამხრეთ ოსეთში 4 აგვისტოს გააგზავნეს, საომარი მოქმედებების დაწყებამდე  სამი დღით ადრე. საქართველოს მიაჩნია, რომ ეს ჩანაწერები ამყარებს მის ვერსიას, რომლის თანახმადაც რუსულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთში კონცენტრირება იერიშის მოსამზადებლად ომამდე დაიწყეს,”- წერს The Wall Street Journal.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროპამ უფრო უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ რომელმა ქვეყანამ რომლის წინააღმდეგ განახორციელა აგრესია და ”არა იმას, რომელმა სამხედრომ გამოკრა პირველმა ჩახმახს”.

”რა დეტალებსაც არ უნდა შეიცავდეს აღნიშნული დოკუმენტი, ფაქტი რჩება ფაქტად – თუ რომელმა ქვეყანამ მოახდინა რომელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია და ვინ ვის ტერიტორიებს ფლობს უკანონოდ და ვინ არის ოკუპანტი  – ეს ალბათ უდაო ფაქტია, თუმცა ეს არ ანელებს ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ,”- განაცხადა მან 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

The Wall Street Journal ასევე იტყობინება, რომ საგამოძიებო მისიამ როგორც იქნა მოახერხა რუსული სამშვიდობო ძალების ყოფილი მეთაურის მარატ კულახმეტოვის დაკითხვა. კულახმეტოვი, რომელიც ომის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, 17 სექტემბერს ახლდა რუსულ დელეგაციას ჟენევის დისკუსიებზე.

ევროკავშირის ეგიდით აგვისტოს ომზე ჩატარებული გამოძიების შედეგები გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ასევე რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს გადაეცემა. თავდაპირველად დასკვნის გამოქვეყნება ივლისის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ეს ორი თვით, სექტემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)