Site icon Civil.ge

ოპოზიციის ნაწილი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებაში მონაწილეობას მიიღებს

ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლები არასაკმარისად მიიჩნევენ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოში ცვლილებს, მაშინ როცა კონსერვატორები აცხადებენ, რომ საბჭოს შვიდი ვაკანტური თანამდებობის შესავსებად კონსულტაციებში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სამეურვეო საბჭოში ვაკანტური თანამდებობების შესავსებად კონსულტაციებისაკენ დღეს ქრისტინ-დემოკრატებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოუწოდეს. პრეზიდენტის ინიციატივით, სამეურვეო საბჭო 9-დან 15 წევრამდე გაიზარდა ისე, რომ საბჭოს უკვე არჩეული რვა წევრი ინარჩუნებს თანამდებობებს, მისი თავმჯდომარის ჩათვლით.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი კონსულტაციებში მონაწილეობას, თუ იარსებებს პოლიტიკური ნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლდეს ”სახელისუფლებო წნეხისგან”.

”თუ ხელისუფლება აპირებს არხის ფუნდამენტურ რეორგანიზაციას, მათ შორის მენეჯმენტშიც, მაშინ აზრი აქვს ამ პროცესში მონაწილეობას,”- განუცხადა უსუფაშვილმა Civil.ge-ს, ”ჩვენ უბრალოდ სკამებზე ჩამოსხდომას არ ვაპირებთ ისე, რომ არაფერი შეიცვალოს”.

ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განუცხადა Civil.ge-ს, რომ მხოლოდ სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის კვოტის შევსება ვერ დააბალანსებს ”უკვე ძალიან შორს წასულ ტენდენციურობას არხზე”.

”საჭიროა ახალი დირექტორის დანიშვნა და არა ფასადური ცვლილებები,”- განაცხადა მან, ”საერთოდ კი ჯობია, რომ სამეურვეო საბჭოში საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, ვიდრე პოლიტიკური პარტიები”.

კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიცია ხვალიდან დაიწყებს ამ თემაზე აქტიურ შიდა კონსულტაციებს.

”აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში და წარმოვადგინოთ ისეთი კანდიდატურები, რომელთაც მედიის თავისუფლების სფეროში გამოცდილება აქვთ,”- განუცხადა მან Civil.ge-ს 29 სექტემბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)