Site icon Civil.ge

ვერშბოუ საქართველოში 19 ოქტომბერს ჩამოვა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუ 19-20 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა, იტყობინება აშშ-ის საელჩო 8 ოქტომბერს.

ვერშბოუ იმ სამთავრობო დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში  ამერიკისა და საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავს.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმუშავებენ. ეს მიმართულებებია: დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობები. 

უსაფრთხოების საკითხებში ამერიკისა და საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფი განიხილავს საქართველოს თავდაცვის რეფორმას, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში, აგრეთვე რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, განაცხადა აშშ-ის საელჩომ. 

სხვა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)