დეპუტატმა გია თორთლაძემ განაცხადა 14 ოქტომბერს, რომ ის აპირებს პარლამენტს შესთავაზოს აშშ-ს პატრიოტის აქტის მსგავსი კანონი უცხოური და ტერიტორისტული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
მანამდე ეს საკითხი სულ ცოტა ორჯერ მაინც დააყენა ხელისუფლებამ – ერთხელ 2006 წელს და მეორედ აგვისტოს ომიდან ცოტა ხანში, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცახდა, რომ საქართველოს ”პატრიოტის აქტი” სჭირდება, რათა წინ აღუდგეს საგარეო ინტერვენციის გზით მთავრობის ჩამოგდების მცდელობას.
ამ იდეას, რომელიც ოპოზიციამ გააკრიტიკა, რაიმე განვითარება არ მოჰყოლია და არც რაიმე დაწერილი პროექტი ყოფილა წარმოდგენილი.
”იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მზად ყველანაირი პროვოკაციული თუ ტერორისტული აქტებისთვის, ჩვენ უნდა მივიღოთ პატრიოტის აქტი. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, იმ უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ ქვეყანაში,” – განუცხადა თორთლაძემ ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2”-ს და ”იმედს”.
”მუდმივად ხდება ფეთქდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებში. მუდმივად ისმის მუქარა რუსეთის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენთან მზადდება ტერორისტები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ მზადდება რაღაც სერიოზული რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ მისაღებია პატრიოტის აქტის ტიპის რაღაც დოკუმენტი. ეს არის ანტი-ტერორისტული ღონისძიება,” – განაცხადა მან.
გია თორთლაძე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელია, ოფიციალურად საპარლამენტო უმცირესობის ჯგუფის წევრია. თუმცა მისი კოლეგები ამავე ჯგუფიდან 15 ოქტომბერს თორთლაძის წინადადების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
”ჩვენ ვართ შეშფოთებული ბატონი გია თორთლაძის ინიციატივით და ზოგადად დემოკრატიული პარტიის ინიციატივის- პატრიოტის აქტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია გამომდინარე თავისი არსიდან, რომ ეს დოკუმენტი შეიძლება გამოყენებული იქნას სპეცსამსახურების პოლიტიზირების ლეგალიზაციისთვის, ანუ ის რომ სპეცსამსახურები უკანონო მოსმენებს და მიყურადებას ისედაც იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ამის ლეგალიზების შესანიშნავის საშუალება იქნება”, – განაცხადა ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე.
15 თებერვალს თორთლაძემ განაცხადა, რომ მისი ინიციატივს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან ის არავითარ შემთხვევაში არ შესზღუდავს სამოქალაქო უფლებებს და არ შეიცავს ისეთ მომენტებს როგორიც მაგალითად სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან სატელეფონო საუბრების სასამართლოს ნებართვის გარეშე მოსმენებს.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” 15 ოქტომბერს: ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ ის ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. მაგრამ რამდენად აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება უკვე კონკრეტული კანონპროექტის გაცნობის შემდეგ ვნახავთ”.
არასაპარლამენტო ოპოზიციის რამოდენიმე წარმომადგენელმა გამოთქვეს ეჭვი, რომ პატრიოტის აქტზე საუბარების განახლება თავად ხელისუფლების ინიცირებულია და ამჯერად ეს დეპუტატ თორთლაძის საშუალებით გააკეთეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)