Site icon Civil.ge

სააკაშვილი საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 23 ოქტომბერს, რომ შარშანდელმა აგვისტოს ომმა ”შეცვალა” მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე; საქართველომ კი ისეთი ”მაღალი რეპუტაცია” მოიპოვა, რომელიც ადრე არ ჰქონია, რადგანაც მთავრობამ შეძლო და გადაურჩა ”დამპყრობელი ძალის” შემოჭრას.

”შემთხვევითი არ არის, რომ გასული წლის ომის შემდეგ  მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე შეიცვალა, პრაქტიკულად დაშლილია დსთ, რომელიც შარშან დატოვა საქართველომ. თუ პირველ  სამიტებზე, სადაც მე დავდიოდი, იყო სრული ანშლაგი, ახალ ხვეწნით ორი-სამი ლიდერის ჩაყვანა უხდებათ ამ სამიტებზე; აღარავის აღარ უნდა იქ წასვლა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”დღეს რომ გადაავლოთ შუა აზიის ქვეყნებიდან დაწყებული და დამთავრებული ჩვენი სხვა მეზობლებით – რუსეთის დასავლეთით, ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლებით, არასდროს საქართველოს არ ჰქონია ასეთი მაღალი რეპუტაცია და ავტორიტეტი. იმიტომ, რომ ერთი წლის წინ ყველას ჰქონდა დადებული ნიძლავი, რომ საქართველოს დაიშლებოდა და დაქუცმაცდებოდა და მიწასთან გასწორდებოდა; ერთი წლის წინ, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი მეუბნებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, რომ კამათი ჩამოვარდა და 20%-ს აძლევდნენ შანსს საქართველოს დღევანდელ მთავრობას გადარჩენის, იმიტომ, რომ დაფიცებული ჰქონდა დამპყრობელს, რომ ეს მთავრობა ვერ გაძლებდა,”- აღნიშნა მან.

მან ეს განცხადება აგვისტოს ომის შედეგად ადგილნაცვალი პირებისთვის 800 სახლის გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა. 800 სახლი გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 8 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებით გორის რაიონში აშენდა.   

ცერემონიის დროს, რომელისაც ასევე ესწრებოდენენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და გერმანიის ელჩი საქართველოში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსვლის დროს რამდენჯერმე გამოხატა მადლიერება გერმანიის მთავრობის მიმართ გაწეული დახმარებისთვის.

”ჩვენ ეს არასდროს არ დაგვავიწყდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ყოველთვის მადლიერება გამოვავლინოთ და ეს ჩვენი ვალი დავუბრუნოთ ჩვენს გერმანელ მეგობრებს – ამ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ და ყველაზე გავლენიან სახელმწიფოს,” – განაცხადა მან.

”ჩვენი ამოცანა არის, ისევე როგორც თავის დროზე ეს მოახერხა დასავლეთ გერმანიამ, მოვიგოთ მშვიდობა. შეუძლებელია, რომ საქართველომ ძალადობაში და სისასტიკეში კონკურენცია გაუწიოს იმ რაზმებს, რომლებიც დაბანაკებული არიან მათ მიერ გაკეთებული მავთულხლართის მეორე მხარეს,” – განაცხადა სააკაშვილმა.   

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჰქონდა არჩევანი ან ჩეჩნეთივით ”მიწასთან გასწორებულიყო”, ან გაჰყოლოდა ავღანეთის გზას და მრავალწლიანი წინააღმდეგობა გაეწია დამპყრობლისთვის ან აერჩია ის, რაც, მისი თქმით, გააკეთეს გერმანიამ და სხვა აღმოსავლეთ ევროპულმა სახელმწიფოებმა, როდესაც ”განვითარებასა და გაძლიერებაზე” გაამახვილეს ყურადღება.

”მავთულხლართების იქით, იმ პირობებში, როცა ათასჯერ მეტი ფული ქაღალდზე  გამოყო დამპყრობელი ქვეყნის მთავრობამ, ხალხი ცხოვრობს კარვებში, ვინც დარჩა და არის მშიერი,  ჩვენ მეორე მხარეს ვაშენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური მუქარის ქვეშ ვიმყოფებით; ისინი აგებენ საკონტროლო ზონებს… და ჩვენ ვაგებთ ავტობანს თბილისიდან გორამდე და შემდეგ გორიდან ჩვენს შავი ზღვისპირეთამდე; ისინი ზრუნავენ თავის იმპერიულ სიდიადეზე და სიამაყეზე და ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე;… ისინი ზომავენ თავის ძალას იმითი, თუ ვინ როგორ დაჩაგრეს, ვინ როგორ შეურაცხყვეს, ვის როგორ ჩააფურთხეს სულში, ვის როგორ მოუსპეს მომავალი და ჩვენ ვზომავთ იმითი, რამდენად პატივს გვცემენ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები და მეორეს მხრივ, ჩვენს გარშემო მყოფი ჩვენი მეზობელი ერები და სახელმწიფოები,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

”მათ არ შერჩებათ ის, რაც მათ დროებით მიიტაცეს,”- აღნიშნა მან, ”ეს გადამთიელები როგორც ჩამოვიდნენ და ცდილობენ ფეხის მოკიდებას საქართველოს მიწაზე, ასევე გადაჯიშდებიან, მოშორდებიან და აორთქლდებიან ჩვენი მიწიდან”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)