Site icon Civil.ge

ევროკავშირის დამკვირვებლები 16 ქართველის დაკავებამ შეაშფოთა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა 26 ოქტომბერს, რომ შეშფოთებულია რუსი მესაზღვრეების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად საქართველოს 16 მოქალაქის დაკავების გამო.

შეშის შესაგროვებლად ტყეში გასული 16 მამაკაცი, რომლებიც სოფელ გრემისხევიდან არიან, 25 ოქტომბერს დააკავეს. როგორც ცხინვალში აცხადებენ, მათ ”სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს”.

”გრემისხევის 16 მკვიდრის დაპატიმრება სერიოზულ გავლენას ახდენს ამ სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე,” – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ”ეს ინციდენტი ასახავს უფრო ფართო პრობლემას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე საქმიანობებს უკავშირდება და რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გართულდება ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად”.

სადამკვირვებლო მისიამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი ”შესაფერისი ფორუმია ამ საკითხზე სამსჯელოდ”.

მისიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების და სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელთა შორის შეხვედრა ევროკავშირის დამკვირვებელთა მონაწილეობით 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის არ შედგა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)