ქართული მხარე რუსეთისგან იმ 16 ქართველის ”დაუყოვნებლივ” გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის ”საზღვრის უკანონო გადალახვის” მოტივით 25 ოქტომბერს დააკავეს.
შესაბამისი საპროტესტო ნოტა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებას ორ ქვეყანას შორის შუამავალი სახელმწიფოს, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაუგზავნა.
”გატაცებული პირები დღემდე უკანონოდ არიან დატყვევებული ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. "პროკურატურაში",”- ნათქვამია ნოტაში, ”ზემოაღნიშნულ ფაქტს საქართველოს მხარე აფასებს, როგორც საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს და პროვოკაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე”.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის მხარის ზემოაღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით და კატეგორიულად მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნებას,”- აცხადებს საგარეო უწყება.
სოფელ გრემისხევის 16 მკვიდრის დაკავების შესახებ, რომლებიც შეშის დამზადების დროს აიყვანეს რუსმა მესაზღვრეებმა, ”შეშფოთება” გამოთქვა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბერს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)