Site icon Civil.ge

პარლამენტმა ფინანსური პოლიციის აღდგენას დაუჭირა მხარი

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ფინანსური პოლიციის აღდგენის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ძალაში 2009 წლის 1 დეკემბრიდან შევა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსურ პოლიცია, რომელიც იფუნქციონირებს სახელით  – ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური”, ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლ საქვეუწყებო ერთეულად ჩამოყალიბდება; მის უფროსს თანამდებობაზე პრეზიდენტი დანიშნავს და გაათავისუფლებს.

სამსახური, რომელსაც ასევე ეყოლება სპეცდანიშნულების რაზმი და თანამშრომელთა კონსპირაციული ქსელი, აღჭურვილი იქნება უფლებით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; ჩაატაროს ექსპერტიზა.

ანალოგიური უფლებამოსილებებით 2004 წელს შექმნილი ფინანსური პოლიცია 2007 წელს გაუქმდა და შედარებით შეკვეცილი უფლებებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაერთიანდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურებთან ერთად. ფინანსური პოლიცია ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის მუდმივი სამიზნე იყო.

ფინანსური პოლიციის აღდგენა გააკრიტიკა ყოფილმა პრემიერმა და ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნის, ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვისა და ბიზნესის მასობრივი დატერორების საშუალება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)