Site icon Civil.ge

ალიანსი საქართველოსთვის მმართველ პარტიას მოუწოდებს დაუბრუნდეს საარჩევნო რეფორმის ჯგუფს

ალიანსი საქართველოსთვის მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუბრუნდეს საარჩევნო რეფორმაზე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს, რათა 18 ნოემბრის შეხვედრაზე წარმოქმნილი ჩიხის მიუხედავად, მოხერხდეს კომპრომისების გზით საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა.

”მოვუწოდებთ მათ [ნაციონალებს] გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ და დაბრუნდენ ამ ფორმატში და კონსენსუსის წესით მივიღოთ გადაწყვეტილებები,”-  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალიანსის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ”რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მზად ვართ გონივრული კომპრომისები გადავდგათ, ვინაიდან ეს აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის,  ქვეყნისთვის”.

”სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა არ არის მზად ნორმალური საარჩევნო გარემოს შესაქმენლად,”- განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.

ძირითად უთანხმოებას ინტერპარტიულ ჯგუფში ნაციონალური მოძრაობისა და ალიანსი საქართველოსთვის პოზიციების შეუთავსებლობა იწვევს თბილისის მერის არჩევის ბარიერთან დაკავშირებით. მმართველი პარტია 30%-იან, ხოლო ალიანსი 50%-იან ბარიერს მოითხოვს მერის მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად, თუმცა აცხადებს, რომ მზადაა კომპრომისისთვის. 

”შესაძლოა ეს არ იყოს არც 50%, არც 45%, მაგრამ ეს უნდა იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე 30%, 33% ან  35%,”- განაცხადა ბერძენიშვილმა. 

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მათი კომპრომისის მაქსიმუმი 30%-ია და აღნიშნა, რომ ინტეპარტიულ ჯგუფში მუშაობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.

ბარიერზე კონსენსუსის არ არსებობის გამო ავტომატურად დაიბლოკა სხვა საკითხებიც, რომლებზეც პოზიციები მეტ-ნაკლებად შეჯერებული იყო ჯგუფში, რადგან საკითხებს ერთიან პაკეტში ეყარა კენჭი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)