დღეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობიდან ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას ”გახმაურებული მკვლელობებზე” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
ვიდრე ასეთი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი კენჭისყრაზე 17 ხმით 36-ის წინააღმდეგ ჩავარდებოდა, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მწვავე დებატები გაიმართა.
ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივაში ”საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ჩადენილი, გახმაურებული მკვლელობების საქმეთა შემოწმებისა და გამოძიების თაობაზე” არ იყო ნათელი, თუ კონკრეტულად რომელი საქმეების შესწავლა უნდა მომხდარიყო.
თუმცა საკითხის ინიციატორმა გიორგი ახვლედიანმა ახსენა სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის და ზურა ვაზაგაშვილის საქმეები, რომელთა გახმაურება, მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატების ამჟამინდელი გუნდის ტელეკომპანია ”იმედში” მუშაობის პერიოდის დამსახურებაა.
”ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ და გვსურს ბოლომდე მივიყვანოთ,”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ.
ინიციატორების მტკიცებით, სამართალდამცავების მიერ ამ საქმეების გამოძიება არ წარიმართა სრულყოფილად, რადგან ახვლედიანის თქმით, მოხდა ”დამნაშავეებზე გადაფარება და დაზარალებულების დამნაშავეებად გამოცხადება”.
მისი განცხადებით, ამჟამად გახმაურებულ მკვლელობების, მათ შორის ვაზაგაშვილის საქმეზე, გაჩნდა ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც საპარლამენტო გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
”წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იქნება ძალიან სერიოზულად დისკრედიტირებული, თუ საზოგადოების მოთხოვნას სამართლიანობის აღდგენის თაობაზე ის არ შეასრულებს,”- განაცხადა მან.
თუმცა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ ადამიანების ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება არის მიუღებელი და დაუშვებელია ამ თემებზე პოლიტიკური სპეკულაციები.
”დიახ, აქ იყო დანაშაული და კრიმინალი და სწორედ იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, ადეკვატური სასჯელი მიესაჯათ,”- განაცხადა აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, ”ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არ შეურიგდა საკუთარი წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კრიმინალს… არ ერიდება საკუთარი სამართალდამცავების დასჯას”.
”პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც ასეთ საკითხებზე [გახმაურებულ მკვლელობებზე] უნდა ვისაუბროთ,”- აღნიშნა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან.
იმავდროულად, დებატების მსვლელობისას დეპუტატმა უმცირესობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ გახმაურებულ მკვლელობებით დაზარალებული ოჯახის წევრები საპარლამენტო მოსმენების მსვლელობისას, სპეციალური საშვების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს.
გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობის საქმეებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა 2007 წლის თებერვალში, წინა მოწვევის პარლამენტშიც დადგა დღის წესრიგში, თუმცა ეს საკითხი ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინაც ჩააგდო. გირგვლიანის და რობაქიძის ნათესავები და ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ გამოძიებამ დამალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობა მკვლელობის ორივე საქმეში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)