Site icon Civil.ge

ნატო საქართველოში რეფორმების გაღრმავებისკენ მოუწოდებს

ნატო "დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2010 წლის გაზაფხულზე" და მოუწოდებს საქართველოს "გააღრმავოს მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები", – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

3 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელმაც საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის და წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პროცესი განიხილა. ეს უკანასკნელი არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს იმ რეფორმების ნუსხას, რომლის შესრულებამ საქართველო ნატოს სტანდარტებთან უნდა მიაახლოვოს. დოკუმენტი საჯარო არ არის.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც სხდომის თავმჯდომარე იყო, აღნიშნა, რომ ალიანსი მიესალმა ”იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია მთელ რიგ სფეროებში წლიური ეროვნული პროგრამის მიზნების განხორციელებისას”.

სხდომისადმი თავის მისასალმებელ სიტვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ წლიური ეროვნული პროგრამის პირველი შეფასება დადებითი იყო.

”წლიური ეროვნული პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს [ნატოში] ინტეგრაციის უზრუნველყოფას…  2009 წლის შეფასება ასახავს მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის მიზნების განხორციელების კუთხით,” – განაცხადა მან.

თავის განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის მინისტრები მიესალმნენ ”დიალოგის დაწყებას საქართველოში საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით”.

”ამავე დროს, მათ [მინისტრებმა] აღნიშნეს, რომ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება რეფორმების განსახორციელებლად და რომ საქართველოს მთავრობამ, და ასევე ოპოზიციურმა ძალებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით,” – ნათქვამია განცხადებაში.

გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ ”ნატოს თხოვნა იყო რეფორმების დაჩქარება საქართველოში”, მათ შორის თავდაცვის, კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის სფეროებში.

განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მინისტრები მიესალმდნენ საქართველოს გადაწყვეტილებას ”ფართოდ გადახედონ” ქვეყნის უსაფრთხოების სექტორს, ”თუმცა ხაზი გაუსვეს უფრო ეფექტიანი თავდაცვითი დაგეგმვის და ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის საჭიროებას”.  

მინისტრები ასევე მიესალმნენ თავდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურების სამოქალაქო პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამის ”წარმატებულ დაწყებას”. პროგრამა ნატოს ეგიდით ხორციელდება.

აღინიშნა რა საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ”სრული შესრულება”, ნატომ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ამავე ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება.

გრიგოლ ვაშაძემ ბრიუსელში 3 დეკემბერს უთხრა ქართველ ჟურნალისტებს, რომ ნატო საქართველოს, როგორც პრიორიტეტულ საკითხს, დააყენებს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების თავიანთ რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ბრიუსელში 4 დეკემბერს.

”ნატოს მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მკაცრი პოლიტიკა საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების ’დამოუკიდებლობის’ არაღიარების კუთხით და კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება ამ საკითხზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

რასმუსენმა სხდომისადმი თავის მისასალმებელ გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ ნატო მზად არის დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ ”საბოლო ჯამში ეს თავად საქართველოს გასაკეთებელია”.

მან ასევე ხაზი გაუსვა ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს ”მნიშვნელოვან” წვლილს.

ნოემბერში საქართველომ სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული გააგზავნა ავღანეთში, ხოლო მომავალ წელს დამატებით ერთ ბატალიონს გააგზავნის.

”ეს ტერიტორია [სადაც ქართული დანაყოფია განთავსებული] გამოწვევებით აღსავსე. ამასთან [ქართული დანაყოფის დისლოკაციის ადგილზე თბილისი] შეზღუდვებს არ აწესებს. ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ საქართველოს სურს იყოს უსაფრთხოების მომწოდებელი,” – განაცხადა რასმუსენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)