ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა როჯერ ბრეიდიმ 7 დეკემბერს საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის დროსაც ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის და საქართველოსთან ”ურთიერთობის გაღრმავების და გაფართოების” საკითხები იქნა განხილული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის შემდეგ გენერალმა ბრეიდიმ განაცხადა, რომ აშშ ”დიდად აფასებს იმ უზომო მხარდაჭერას”, რომელსაც საქართველო ავღანეთის ოპერაციაში უწევს.
ნოემბერში საქართველომ სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული გააგზავნა ავღანეთში, ხოლო მომავალ წელს დამატებით ერთ ბატალიონს გაგზავნის.
”ეს ძალიან ნათლად გვიჩვენებს იმას, თუ რა დევს სასწორზე და ერთგულებას იმ ღირებულებებისადმი, რასაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ,” – განაცხადა ბრეიდიმ, რომელიც ასევე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ”თქვენ მაგალითი ხართ სხვებისთვის და ამას გულწრფელად გეუბნებით. ვფიქრობ, ეს გვიჩვენებს, რომ თქვენი წვლილი ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ ჯარს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე აგზავნით; თქვენ ხართ ერი, რომელიც თქვენ შესაძლებლობებზე მეტს აკეთებთ.”
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ალიანსი მადლიერია საქართველოს ”გასაოცარი” წვლილისა ნატოს ავღანურ ოპერაციებში.
”დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ საქართველოს წვლილი ნატოს მისიაში ერთ სულ მოსახლეზე შესაძლოა უმსხვილესი იყოს,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ძალიან მადლიერნი ვართ საქართველოს წვლილის ავღანეთის ამ მნიშვნელოვან მისიაში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)