საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მმართველი პარტიის დეპუტატმა ”კრიმინალური რეჟიმის” ლიდერ ედუარდ კოკოითთან შეხვედრის გამო ის სამი საქართველოს მოქალაქე გააკრიტიკა, რომლებიც ცხინვალში ჩავიდნენ.
პაატა ზაქარეიშვილი, რესპუბლიკური პარტიიდან; ვახტანგ კომახიძე, საგამოძიებო ჟურნალისტი და მანანა მებუკე, ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის თავმჯდომარე ცხინვალში 16 დეკემბერს ჩავიდნენ, სადაც ასევე მოინახულეს ორი დაკავებული ტირძნისელი მოზარდი.
ზაქარეიშვილი მებუკესთან ერთად თბილისში იმავე ღამით დაბრუნდა, ხოლო ვახტანგ კომახიძე 17 დეკემბერს დღისით დაბრუნდა განაცხადა რა, რომ მოკლე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს ცხინვალში მოპოვებული მასალის გამოყენებით.
ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მათი სტუმრობა ორგანიზებული იყო ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით.
მისი თქმით, კოკოითთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო და ეს იყო სპონტანური შემოთავაზება მათი მასპინძლების მხრიდან, რასაც დელეგაციის სამივე წევრი დათანხმდა, რადგან ეს იყო მათთვის შანსი პირდაპირ ეთქვათ კოკოითისთვის ორი მოზარდის პატიმრობიდან გათავისუფლების საჭიროების შესახებ. სამივე მათგანს ასევე მიეცა შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდა მოზარდებს ციხეში.
”კოკოითმა დაიწყო საუბარი აგვისტოს ომზე თავისი პოლიტიკური შეფასებებით, რაშიც საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა,”- განაცხადა ზაქარეიშვილმა დაბრუნების შემდეგ მედიისთვის მიცემულ სხვადასხვა კომენტარში, ”თავიდანვე ვუთხარი, რომ მე მესმის თქვენი, მაგრამ ჩვენ არ მოვსულვართ აქ პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. მე არა ვარ აქ სააკაშვილის ან ოპონენტი ან დამცველი. ჩვენ ჩამოვედით აქ ბავშვების ბედის გასარკვევად და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს მომენტები”.
თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში განაცხადა 17 დეკემბერს, რომ მისი აზრით ამ სამი ადამიანის ცხინვალში სტუმრობას აზრი არ ჰქონდა.
”საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა. ყველას აქვს თავისი არჩევანი ვისი მეგობარი იქნება, ვისთან წავა და ვისთან ისაუბრებს,”- განაცხადა მან.
”ურთიერთობები, მე ვფიქრობ, პირველ რიგში ჩვენ უნდა დავამყაროთ ხალხთან და არა კრიმინალურ რეჟიმთან, როგორიც არის კოკოითი,”- აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, ამ ვიზიტის რეალური შედეგი ისაა, რომ რუსული მხარე უკვე აცხადებს, რომ საქართველოში არის ხალხი, ვინც ეთანხმება კოკოითს და მის ”კრიმინალურ ბანდას”. მან ასევე განაცხადა, რომ სტუმრობის ეს შედეგი ნეგატიურია და მოხარული იქნებოდა, თუ მას რაიმე პოზიტივიც მოყვებოდა.
იაკობაშვილი სავარაუდოდ გულისხმობდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც მოლაპარაკებების დროს ზაქარეიშვილი ”მთლიანად დაეთანხმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის შეფასებებს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით” – ეს ამონარიდი ფართოდ გააშუქა 17 დეკემბერს ”რუსთავი 2”-მა.
”ყველა ადამიანმა, რომელიც გადაწყვეტს ოკუპირებულ ზონაში შესვლას და ეს ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და კოკოითი არის მხოლოდ და მხოლოდ წარმომადგენელი რუსეთის, უნდა იცოდეს რომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ იქცეს კოკოითის ანტიქართული პროპაგანდის ნაწილად,”- განაცხადა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა მმართველი პარტიიდან.
”ეს არ არის მარტო ჩვენი სახელმწიფოს სენი, ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ სხვადასხვა ოკუპაციების დროს ბალტიისპირეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში და ა.შ. მათ ქმედებებს დეოკუპაციის შემდეგ მოსახლეობამ უკვე გასცა პასუხი. ასეთივე იქნება ამ ადამიანების შემთხვევაში – ზოგისთვის არჩევნებთან, ზოგისთვის მორალური თვალსაზრისით,”- განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა შოთა მალაშხიამ, რომელიც პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის კომისიას ხელმძღვანელობს.
რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა , რომელიც ალიანსი საქართველოს თანათავმჯდომარეა, 16 დეკემბერს განაცხადა, რომ ის ელის თავდასხმებს მის პარტიაზე და კერძოდ, ზაქარეიშვილზე მისი ცხინვალში ვიზიტის გამო. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ”რაც არ უნდა ითქვას”, ზაქარეიშვილი იქ იყო ერთი კონკრეტული მიზნით ჩასული, რათა გაერკვია მოზარდების გათავისუფლების პერსპექტივები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)