სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ის არ გამოიყენებს ”შეწყალების კონსტიტუციურ უფლებას” ორი ქართველი მოზარდის გასათავისუფლებლად ისე, რომ ეს გამოჩნდეს, როგორც”ე.წ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან” ზეწოლის შედეგი.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის თომას ჰამარბერგის შუამავლობით დეკემბრის დასაწყისში ცხინვალმა ოთხი დაკავებულიდან ორი მოზარდი გაათავისუფლა და მიიღო დაპირება, რომ დარჩენილ ორს 13 დეკემბრის დილით გაათავისუფლებდნენ.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარების თანახმად, კოკოითის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ”გარკვეული შეთანხმებები” მიღწეული იყო საერთაშორისო მედიატორებთან მოზარდების გასათავისუფლებლად, ეს ვითარება სადაო გახადა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკამ ამ საკითხზე.
ეს კომენტარები მან ცხინვალში მყოფ ქართველებთან შეხვედრისას გააკეთა.
პაატა ზაქარეიშვილმა, რესპუბლიკური პარტიიდან; ვახტანგ კომახიძემ, საგამოძიებო ჟურნალისტმა და მანანა მებუკემ, ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის თავმჯდომარემ, რომლებიც 16 დეკემბერს ცხინვალს გამოუცხადებელი ვიზიტით ესტუმრნენ, ასევე მოინახულეს დაკავებული ქართველები და იმ ოსი მოქალაქეების ნათესავები, რომელთა თქმითაც, მათი ახლობლები ქართულ მხარეს ჰყავს დაკავებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)