დეპუტატებმა 18 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში შვიდი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დასახელებული კანდიდატები განიხილეს.
შემოთავაზებული 21 კანდიდატი, კანონის თანახმად, თითო ვაკანსიისთვის სამ-სამ კაციან ჯგუფებად არის დაყოფილი. პარლამენტმა ყოველი ჯგუფის სამივე კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი და ჯგუფიდან ის ერთი კანდიდატი აირჩიოს საბჭოს წევრად, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. კენჭისყრა დღეს გაიმართება.
(კანდიდატების სია და როგორ დაჯგუფდნენ ისინი შეგიძლია იხილოთ ამ ბმულზე).
კანდიდატების განხილვას პარლამენტში უფრო ფორმალური სახე ჰქონდა და დეპუტატებს კანდიდატებისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. ეს საკითხი დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმაც განიხილა 10 დეკემბერს.
დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ჰკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ზურაბ დეკანოიძეს დაეზუსტებინა, თუ რა პრინციპით მოხდა პრეზიდენტის მიერ 24 კანდიდატობის მსურველიდან, 21 კანდიდატის შერჩევა. კერძოდ, მას აინტერესებდა თუ რატომ არ მოხვდა კანდიდატებს შორის საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
”კანონით დადგენილი კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული კანდიდატები და დალაგდა სამეულებად,” – უპასუხა მას ზურაბ დეკანოიძემ.
დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ და ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეტენზიები გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდა კანდიდატების სამეულებად დაჯგუფება, რადგან მათი თქმით, ზოგიერთ სამეულში შესაძლოა ყოფილიყო ორი ისეთი კანდიდატი წარმოდგენილი, რომლებსაც ისინი მხარს დაუჭერდნენ, ხოლო ზოგიერთ სამეულში კი მათთვის სასურველი კანდიდატი საერთოდ შესაძლოა არ ყოფილიყო.
მართალია მათ არ დააკონკრეტეს თუ რომელ სამეულებს გულისხმობდნენ, მაგრამ ვეფხვაძე სავარაუდოდ გულისხმობდა მეორე ვაკანტურ ადგილს, რომელზეც დასახელებული არიან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე ნოდარ სარჯველაძე და ჯონი კალანდაძე; ხოლო ბაღათურია, სავარაუდოდ, გულისხმობდა მესამე ვაკანტურ ადგილს, სადაც მისი ფავორიტი კანდიდატები ლევან ფოფხაძე და ინგა ბოლოთაური არიან დასახელებული.
თავდაპირველად, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს შვიდი ვაკანტური კვოტის დაკომპლექტება ოპოზიციის პრეროგატივაა, თუმცა მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებზეც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმდება. არასაპარლამენტო ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურები არ დაასახელა, თუმცა ხუთმა პარტიამ განაცხადა, რომ ის ”მედია კლუბის” კანდიდატებს უჭერს მხარს.
კანდიდატებს შორის ”მედია კლუბის” სულ ხუთი კანდიდატია წარდგენილი. აქედან ორი, ერთი ვაკანსიის სამეულშია მოხვედრილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)