Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი – ლევან თარხნიშვილი, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; ზურაბ ხარატიშვილი; და ოთარ სიჭინავა.

ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია და ასევე ცესკოს იმ ჯგუფის წევრიც იყო, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსებს უწევდა მონიტორინგს; ხოლო ოთარ სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

ამ სამი კანდიდატიდან ცესკოს ექვსმა ოპოზიციურმა წევრმა არაუგვიანეს 14 იანვრისა უნდა აირჩიოს ერთი თავმჯდომარედ. თუკი ვერცერთი მათგანი ფარული კენჭისყრისას ოთხ ხმას ვერ დააგროვებს, მაშინ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და 21 დეკემბრამდე დეპუტატები აირჩევენ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს თავმჯდომარედ.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ ცესკოში შემდეგი პარტიების დანიშნულ წევრებს: რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ლეიბორისტები, მრეწველები, ქრისტიან-დემოკრატები და ჩვენ თვითონ.

კანდიდატები პრეზიდენტს 8 იანვრისთვის უნდა წარედგინა, თუმცა ვადის დარღვევის გამო, ახალი ვადების დაწესება მოუხდა პარლამენტს.

სამი კანდიდატი პრეზიდენტმა 11 იანვარს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ კონსულტაციებზე დასახელებული ათზე მეტი პრეტენდენტიდან შეარჩია. დასახელებულ კანდიდატებს შორის იყო ასევე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე, რომელსაც  ათამდე ორგანიზაცია უჭერდა მხარს.

ბათუმის შეხვედრაზე ლევან თარხნიშვილი თავისუფლების ინსტიტუტმა; ოთარ სიჭინავა – ახალი თაობა-ახალი ინიციატივამ; ხოლო ზურაბ ხარატიშვილი – ფონდმა ალპემ დაასახელა. 

რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტის არჩევანი, განსაკუთრებით კი თარხნიშვილის წარდგენა. მისი თქმით, რესპუბლიკელების წარმომადგენელი ცესკოში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენელი მხარს არ დაუჭერს თარხნიშვილს, ხოლო დანარჩენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მათთან შეხვედრებს გამართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)