Site icon Civil.ge

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი თბილისს ეწვევა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი, მიშელინ კალმი-რეი დღეს თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

აღნიშულ ვიზიტს კანცლერი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში განახორციელებს.

”საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მიშელინ კალმი-რეის ვიზიტის ცენტრალური საკითხი იქნება,” – ნათქვამია ევროპის საბჭოს პრესრელიზში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტისას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი განიხილავს საქართველოს და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებს;  ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას.

ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხში, უზენაესს სასამართლოს თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველთან.

ევროპის საბჭო იტყობინება, რომ მიშელინ კალმი-რეი ასევე შეხვდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნლებს. 

ამავე ცნობით, თბილისიდან შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართავს მოლაპარაკებებს.

”იტარ-ტასსი” 15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ანდრეი ნესტერენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოსკოვში ვიზიტისას ”განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოსთან ურთიერთობებზე”, ვინაიდან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)