Site icon Civil.ge

პრეზიდენტისგან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები აინტერესებთ

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია 18 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავს თხოვნით განმარტოს, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები.

”ვფიქრობთ, ამ საკითხების გარკვევა დადებითად იმოქმედებს მომავალი არჩევნების მიმართ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაზე,”- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მრავალეროვანი საქართველო.

წერილში დაგეგმილი არჩევნები მოხსენებულია ”კიდევ ერთ ტესტად იმისა, თუ რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას”.

ღია წერილის ავტორები ინტერესდებიან, თუ რა უპირატესობებით შეარჩია სააკაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი სამ კანდიდატი, რომლებიც თითო-თითო არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა და რატომ გამორიცხა 27 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი საერთო კანდიდატი – სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ეკა სირაძე;  ასევე,  რატომ იქნა წარდგენილი კანდიდატად ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, რომლის ”გადაყენებაც ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო”.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად თარხნიშვილთან ერთად წარადგინა ოთარ სიჭინავა და ზურაბ ხარატიშვილი. ოპოზიციამ არცერთ მათგანს არ დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც თავმჯდომარედ პარლამენტმა ზურაბ ხარატიშვილი აირჩია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)