საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ირანს რომელიც არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრი, აქვს ბირთვული ენერგიის გამოყენების უფლება მშვიდობიანი მიზნებისათვის, იწყება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.
პრეს-რელიზის თანახმად, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც 18 იანვარს ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება ირანში, ეს განცხადება თავის ირანელ კოლეგასთან მანუჩარ მოთაქისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”ნდობის აღდგენის საკითხს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ირანსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის მოლაპარაკებებში, განაცხადა მან [ვაშაძემ],” – იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თბილისში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ ცალკე პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ პრესკონფერენციის დროს ვაშაძემ ასევე გააკეთა კომენტარი ირანის მოქალაქის დაპატიმრებისა და შემდეგ მისი აშშ-ში ექსტრადირების ფაქტზე.
აშშ-ის სასამართლომ ამირ ჰუსეინ არდებილს, რომელიც თბილისში 2007 წელს დააკავეს, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ირანული გამანადგურებლებისთვის სხვადასხვა საბრძოლო კომპონენტის შეძენის მცდელობის გამო.
”იმედია აღნიშნული ფაქტი ხელს არ შეუშლის ირანთან მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,” – ნათქვამია საელჩოს პრეს-რელიზში ვაშაძის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ასევე განაცხადა, რომ ირანმა და საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობით ენერგოსექტორში და აღნიშნა, რომ ირანი ”საჭიროების შემთხვევაში” მზად არის საქართველოდან ელექტროენერგია შეიძინოს, იუწყება ირანის საელჩო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)