არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, კიევი მაინც დარჩება საქართველოს ”მოკავშირედ და მეგობრად,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 იანვარს.
”ზოგიერთი [უკრაინელი] პოლიტიკოსის მხრიდან ისმოდა სრულიად მიუღებელი გამონათქვამები რუსეთის ოკუპაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ უკრაინელი ხალხის და უკრაინელი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა არის საქართველოს მეგობარი მიუხედავად იმისა, თუ რომელი კანდიდატის ბანაკს მიეკუთვნება თითოეული მათგანი,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბაკურიანში.
”ბოლო 5 წლის განმავლობაში უკრაინა დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდა. დემოკრატიის პირობებში ხალხის აზრს ნებისმიერი მთავრობა ითვალისწინებს. უკრაინელ ხალხს კი საქართველო და ქართველი ერი უყვარს, ისევე როგორც ქართველებს უყვართ უკრაინელი ხალხი,” – განაცხადა მან.
”რაც არ უნდა მოხდეს ამ არჩევნების მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა არ შეიცვლება,” – დასძინა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ”უკრაინის ევროპული კურსი შეუქცევადია”.
”ჩვენ და უკრაინა პარალელური კურსით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ,” – განაცხადა მან.
”მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უდიდესი სურვილი აქვს აღადგინოს საბჭოთა კავშირი და მართლა აფათურებს ხელს ქვეყნის გარედან, ამას ვეღარავინ ვერ მოახერხებს. უკრაინაც და საქართველოც მიდის ევროპის გზით და ჩვენ ბევრს ვწავლობთ ერთმანეთისგან,” – დასძინა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე უკრაინამ და თავისი ეს განცხადება დაუკავშირა უკრაინის წარუმატებლობას ჩამოეყალიბებინა ”ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება და ერთიანი კურსი”.
”მთელი ამ წლების განმავლობაში სამთავრობო გუნდი იყო გაყოფილი, თუმცა ამას ცალ-ცალკე ვერავის ვერ დააბრალებ,” – განაცხადა მან.
”როდესაც მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ათას დოლარზე ნაკლები იყო; უკრაინა ამ მაჩვენებლით ორნახევარჯერ გვისწრებდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გასამმაგდებოდა, რაც დღეს რეალობაა და ახლა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამი ათასი დოლარია. საქართველომ წელს პირველად გადაასწრო უკრაინას და უფრო მეტი შემოსავალი გვაქვს, ვიდრე მათ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”საქართველოში კი მოვახერხეთ კორუფციის დამარცხება და დიდი პროექტების განხორციელება,” – დასძინა მან. ”საქართველომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და შევძელით ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება. უკრაინელ ხალხს უდიდესი, დიდი მომავალი აქვს.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)