Site icon Civil.ge

სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმის მოსმენა გადაიდო

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა, რომელიც 2 თებერვალს იყო დანიშნული, გადაიდო იმის გამო, რომ საქართველოდან დანიშნულმა მოსამართლემ თვითაცილება მოითხოვა.

”მოსმენის ახალი თარიღი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა წარმოადგენს დროებით მოსამართლეს,”- განუცხადეს Civil.ge-ს ევროსასამართლოს პრესსამსახურში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში Civil.ge-ს განუცხადეს, რომ ევროსასამართლოს მიერ დაწესებული ვადების თანახმად, საქართველოს მთავრობა დროებით მოსამართლეს 12 თებერვლამდე წარადგენს. ამავე ცნობით, ჯერ-ჯერობით მოსამართლე შერჩეული არ არის და ასევე ”ცნობილი არ არის”, თუ რა მოტივით მოხდა წინა მოსამართლის აცილება.

ადვოკატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, განუმარტა Civil-ge-ის, რომ საქართველოდან დანიშნულმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ თვითაცილება მოითხოვა ამ საქმეზე, რის შემდეგაც სასამართლომ საქართველოს მხარეს ერთი კვირის ვადაში დროებითი მოსამართლის დანიშვნა თხოვა. თუმცა, მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც, ერთ კვირაში ახალი მოსამართლის დანიშვნა არ მოხდა, ქართულ მხარეს ამისთვის პროცედურით გათვალისწინებული დამატებით კიდევ ერთი თვე მიეცა – ეს ვადა 12 თებერვალს იწურება.

”ქალბატონ ნონას თუ ჰქონდა მოტივაცია მოეხდინა აცილება, უფრო სწორი იქნებოდა ეს თავიდანვე გაეკეთებინა,”- განაცხადა შავგულიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ საქმეზე ზეპირი მოსმენა თავდაპირველად ნოემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა, მისი თქმით, ქართველი მოსამართლეების ”მოუცლელობის” მოტივით ის 2 თებერვლისთვის გადაიდო.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმეზე სახელწოდებით ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” საჯარო მოსმენას გეგმავს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ამ საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)