29 იანვარს პარიზში კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების ”ძირითად პრინციპებზე” საუბრობდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.
მისი თქმით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იმ ”ძირითად პრინციპებს” შორისაა, რომლითაც ”აშშ ხელმძღვანელობს ევროპის უსაფრთხოების ფორმირებაში, გაძლიერებასა და შენარჩუნებაში ჩვენი როლის განხილვისას”.
”ბოლო წლების მანძილზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაჩვენეთ ერთგულება ამ პრინციპის მიმართ მაშინ, როდესაც მხარი დავუჭირეთ ახალ ევროპულ დემოკრატიებს, რომლებიც ცდილობდნენ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი გარე დაშინებისა და აგრესიის გარეშე,” – განაცხადა მან.
”ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ რუსეთს პატივი სცეს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენ უარს ვამბობთ ვაღიაროთ რუსეთის პრეტენზიები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უფრო ფართო კონტექსტში კი ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროპაში გავლენის რაიმე სფეროებს, სადაც ერთი ქვეყანა ცდილობს გააკონტროლოს მეორე ქვეყნის მომავალი,” – განაცხადა კლინტონმა.
”სულაც არ არის საჭირო იმის თქმა, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ყოველთვის ვერ შეთანხმდებიან. ჩვენ განსხვავებული ისტორია გვაქვს, განსხვავებული გამოცდილება და პერსპექტივები. ჩვენი ინტერესებიც ყოველთვის არ დაემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ როდესაც უთანხმოება გვექნება, ჩვენ მოვძებნით კონსტრუქციულ გზებს ამ უთანხმოების მოსაგვარებლად,” – დასძინა მან.
მისი თქმით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება (CFE) ”დანგრევის საფრთხის წინაშეა” მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ მოსკოვმა ეს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.
კლინტონმა ასევე დასძინა: ”2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო მხოლოდ ტრაგედია, არამედ მან დააბრკოლა შემდგომი წინსვლა”.
რაც შეეხება რუსეთის ახალ წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების ახალ შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მიზანი, როგორც მიიჩნევენ, კონტინენტზე ნატოს როლის შესუსტებაა, კლინტონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევა არსებული ინსტიტუტების საშუალებით უფრო იქნება შესაძლებელი.
”ეს საერთო მიზნები უფრო კარგად მიიღწევა არსებული ინსტიტუტების კონტექსტში, როგორიცაა ეუთო და ნატო-რუსეთის საბჭო, ვიდრე ახალი შეთანხმებებზე მოლაპარაკებებით, როგორც ამას რუსეთი გვთავაზობს და რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება,” – განაცხადა კლინტონმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)