ოპოზიციის ოთხმა ლიდერმა, რომელთაც 5 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჯეიმს სტეინბერგთან შეხვედრა გამართეს, განაცხადეს, რომ დემოკრატიული რეფორმების და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ; ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და მოძრაობა დაიცავი საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ.
”სიახლე, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მოადგილის მხრიდან გახლდათ ის, რომ ამერიკის მთავრობა აპირებს გაზარდოს დახმარება საქართველოში დემოკარტიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად,” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის შემდეგ. ”მე პირადად ვთხოვე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომ კოორდინაცია მათი და მათი სამსახურების საქართველოს ხელისუფლებასთან იყოს უფრო მეტად მჭრიდრო არა მარტო ინფორმაციის გაცვლის კვალობაზე, არამედ ვითარების გაცვლის კვალობაზე, რათა საქართველოს ხელისუფლება იყოს უფრო მეტად თავშეკავებული და ყურადღებიანი, რათა ახალ პროვოკაციებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მოყვეს ადექვატური და ეფექტური რეაქცია”.
”ძალზედ მნიშვნელოვანი იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნის მცდელობა, არამედ ის დემოკრატიული ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. თუმცა, სამწუხაროდ დიდი პროგრესი ან რაიმე ტიპის პროგრესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხადია არ არის და მე სწორედ ამასაც გავუსვი ხაზი, რომ ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობის შედეგებს და [ხელისუფლებაზე] ზეწოლის შედეგებს, რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოს და ქვეყნის სტაბილურობის გაუმჯობესების რაიმე ნიშნები,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
”მიუხედავად ხშირი შეხვედრებისა და ძალიან დიდი მეგობრობისა, ჯერჯერობით ერთი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა არც ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და არც შიდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების თვალსაზრისით,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
”ჩვენ ძალიან სერიოზული დაპირებები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად დააყენებს დემოკრატიის პრიორიტეტს საქართველოსთან ურთიერთობაში …. სწორედ ეს შეხვედრა ჯერ ოპოზიციასთან და შემდეგ პრეზიდენტთან არის ხაზგასმა იმაზე, რომ მათთვის პრიორიტეტი არის საქართველო და მისი მოქალაქეები და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ან პრეზიდენტი ამ ქვეყნისა,” – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)