Site icon Civil.ge

შვეიცარიას თავშესაფრის მაძიებელი ჟურნალისტის დახმარებისაკენ მოუწოდეს

ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფმა მიმართა შვეიცარიის ხელისუფლებას აღმოუჩინოს ”ყოველგვარი დახმარება” გამომძიებელ ჟურნალისტს, ვახტანგ კომახიძეს, რომელმაც გასულ კვირას პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა შვეიცარიაში, რის მიზეზადაც მისდამი და მისი ოჯახის მიმართ მუქარები დაასახელა.

მიმართვა, რომელიც ორი წლის წინ დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის ”ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის”  ეგიდით მომზადდა, თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან 13 თებერვალს ორგანიზებულ აქციაზე გავრცელდა, რომელშიც ათობით ჟურნალისტთან ერთად ადამიანის უფლებათა დამცველები და რამდენიმე ოპოზიციონერი იღებდა მონაწილეობას.

”ვახტანგ კომახიძე ცნობილი ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტია, მომზადებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი და სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება,”- ნათქვამია მიმართვაში, ”ჩვენთვის ცნობილია, რომ ვახტანგ კომახიძეს სხვა დროსაც ჰქონია პრობლემები ჟურნალისტურ გამოძიებებთან დაკავშირებით, მაგრამ მას ასეთი რადიკალური ნაბიჯისათვის არ მიუმართავს”.

”ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგის მიმართ, ვითვალისწინებთ რა ვახტანგ კომახიძის რეპუტაციას და ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, გთხოვთ, სათანადო დახმარება გაუწიოთ ჩვენს კოლეგას,”- აცხადებენ მიმართვის ავტორები.  

კომახიძე, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში თავშესაფრის მომლოდინეთა ბანაკში იმყოფება, აცხადებს, რომ ხელისუფლების, კერძოდ კი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ინტენსიური მუქარები  დაიწყო დეკემბერში მისი ცხინვალში სტუმრობის შემდეგ. კომახიძე სეპარატისტულ რეგიონში აგროვებდა ინფორმაციას მომდევნო დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც აგვისტოს ომს მიეძღვნება.

მან რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ შექმნილი რთული ვითარების გამო ”ძალიან მძიმე” გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

”ნამდვილად ვიცი, რომ ეს მუქარა არის რეალური აბსოლუტურად. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ მუქარის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აქვთ,”- განაცხადა მან.

კომახიძემ მისი საქმის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ”აქ [შვეიცარიაში] მომიწევს ყველა საკითხის დამტკიცება და ყველა საკითხი შემდეგში დეტალურად იქნება გაანალიზებული”. მისი თქმით, თავშესაფრის შესახებ მისი მიმართვა უკვე განხილვის სტადიაზე და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ეს არ არის ხანმოკლე პროცედურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)