საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დუბაის სტუმრობს, საიდანაც ქუვეითში გაემგზავრება და საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს.
დუბაის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის (DCCI) გამგეობის თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრაზე გილაურმა საქართველოში, კერძოდ კი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა, იტყობინება DCCI.
გილაურმა ასევე გამართა შეხვედრები დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (DIFC) წარმომადგენლებთან.
”ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს გამოვძებნოთ ახალი კავშირები საქართველოს საფინანსო მომსახურების სფეროსთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა საშუალება მოგვცა განვიხილოთ საქართველოსთან ახალი საფინანსო კავშირების დაწყების გზები,” – განაცხადა DIFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აბდულა მოჰამედ ალ ავარმა.
ნიკა გილაური, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ახლავს თან, 16 თებერვალს ქუვეითში გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)