გასულ კვირას სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) საქართველოს 134 მოქალაქის სარჩელი შევიდა, სადაც ისინი რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მათ წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებენ.
სარჩელები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ლონდონში განთავსებულმა მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ – ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა (EHRAC) მოამზადეს. სარჩელები ძირითადად ეხება დაბომბვის და სოფლებზე საჰაერო თავდასხმების ფაქტებს; ქონების განადგურებას, თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებს, სამოქალაქო პირების სიცოცხლის ხელყოფას და ასევე მათი სახლების განზრახ დაწვას და ძარცვას. სარჩელეები 34 ჯგუფადაა წარმოდგენილი.
სარჩელებში დაწვრილებით აღწერილი დანაშაულებები ძირითადად მოიცავს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შიგნით და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ რამოდენიმე სოფელს (აჩაბეთი, არგვიცი, აწრისხევი, ავნევი, ბერულა, ბროწლეთი, ძარწემი, დვანი, ერედვი, კეხვი, კერე, ქიწნისი, ქსუისი, ქურთა, საცხენეთი, ტყვიავი, ვანათი, ზარდიაანთკარი და ზემო ხვითი), ასევე ქალაქ გორს.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტის (EHRAC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმას, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს სტრასბურგის სასამართლო ამ სარჩელებზე, გავლენა ექნება თავად სასამართლოს მომავალ პრაქტიკაზე ზოგადად კონფლიქტებთან მიმართებაში.
”ეს სარჩელები მნიშვნელოვან კითხვებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გამოყენება კონფლიქტურ სიტუაციებთან მიმართებაში; ეს სარჩელები ასევე გამოცდიან მისი მოქმედების არეალს – მოსარჩელეები ითხოვენ სასამართლოსგან პასუხი აგებინოს რუსეთს მისი შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის გარეთ ჩადენილი დარღვევებისთვის,” – განაცხადა EHRAC-მა.
”სასამართლოს ასევე სთხოვენ მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელი იყო როგორც საკუთარი შეიარაღებული ძალების, ისე ოსური შეიარაღებული ჯგუფების მოქმედებებზე”.
რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები დიდწილად ეფუძნება ”ეფექტური კონტროლის” პრინციპს, რადგან სწორედ რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ დანაშაულის ჩადენის ადგილებში კონტროლს, განუცხადა Civil.Ge-ს საია-ს წარმომადგენელმა, ნათია კაციტაძემ, რომელიც ჩართული იყო ამ სარჩელების მომზადებაში.
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე პასუხების გაცემა ომის დროინდელ გარემოებებზე საქართველოს მთავრობასაც მოუწევს, რადგან სასამართლომ შარშან იანვარში განაცხადა, რომ მან შეისწავლა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი შვიდი საჩივარი და გადაწყვიტა მათ პრიორიტეტულობა მიანიჭოს.
ეს სარჩელები სამხრეთ ოსეთის ექვსმა მაცხოვრებელმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთმა სამხედრო მოსამსახურემ შეიტანეს. ეს უკანასკნელი ომის დროს ცხინვალში, რუსეთის სამშვიდობო ძალებში მსახურობდა.
მოსარჩელეები ჩივიან თავიანთი ან მათი ახლო ნათესავების სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობაზე, ქონების დაზიანებაზე ან განადგურებაზე, ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობასა და ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე დისკრიმინაციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)