საქართველო ”მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება” პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისთვის, რომელიც ”ძალიან მკაფიო გზავნილს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას,” განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
მან ეს განცხადება 24 თებერვალს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც 2011 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) მოთხოვნილი დაფინანსების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რათა მან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის მიღება შეძლოს. მისი თქმით, ეს დახმარება ავღანეთში გასამგზავრებელი სამხედროებისთვის ”ახალი აღჭურვილობის” მიწოდებით და წვრთნების ჩატარებით ხორციელდება.
”ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც მეზობელი რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მკვეთრი პოზიციებით გამოდის,” – განაცხადა კლინტონმა.
კლინტონმა საქართველო 22 თებერვალს წარმოთქმულ სიტყვაშიც ახსენა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნატო-რუსეთის საბჭოს გამოიყენებს იმ ფორუმად, სადაც იმ საკითხების ”გულწრფელი განხილვა” მოხდება, რომლებზეც მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ თანხმდებიან.
”ჩვენ მას [ნატო-რუსეთის საბჭოს] რუსეთზე ზეწოლისთვის გამოვიყენებთ, რათა მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებაში,” – განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2011 წლისთვის საერთაშორისო პროგრამებისა და დახმარებების დაფინანსების მოთხოვნაში, საქართველოსთვის 68,66 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული, რაც 2010 წელს გამოყოფილ თანხაზე 9,66 მილიონი აშშ დოლარით მეტია.
”2011 წლის გაზრდილი ბიუჯეტის შედეგად გაგრძელდება გრძელვადიანი ღონისძიებები საქართველოში სტაბილურობის მხარდაჭერისა და რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრისთვის. აშშ-ის პროგრამები ხელს შეუწყობს ძალაუფლების გადანაწილებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, უფრო ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სოციალური სექტორის რეფორმების გაუმჯობესებას,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ 2011 წლის ბიუჯეტში.
ცალკე დახმარების სახით შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უკვე გამოუყო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც ეტაპობრივად ირიცხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რომლის ბოლო ტრანში საქართველომ წელს უკვე მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)