რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 5 მარტს განაცხადა, რომ საქართველო თავის სამხედრო შესაძლებლობას ”გარედან” გაწეული დახმარებით ზრდის.
”სამწუხაროდ, არც თუ ყველა ქვეყანამ და პოლიტიკოსმა შეძლო შესაბამისი გაკვეთილები ესწავლა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან. სამწუხაროდ, გრძელდება საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენა, და ეს ხდება გარედან გაწეული სამხედრო მხარდაჭერით,” – განაცხადა მედვედევმა რუსეთის სამხედრო სარდლობასთან შეხვედრაზე.
მან განაცხადა, რომ სწორედ ამ ფაქტორის გამო და ასევე კავკასიაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ-კავკასიური ფედერალური ოლქის შექმნის თაობაზე. იანვარში სამხრეთ ფედერალური ოლქი დაიყო და შეიქმნა ახალი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი, რომელიც შვიდი ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკიდან ექვს რესპუბლიკას და ასევე სტავროპოლის მხარეს აერთიანებს. მედვედევის თქმით, ახალი ოლქის შექმნა ”იქ არსებული ძალოვანი სტრუქტურების ურთიერთქმედების ეფექტურობის გაზრდას დაეხმარება”.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ევროპის უსაფრთხოების პაქტი ”სწორედ ის ფორმატია, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა რეგიონალური კონფლიქტების თავიდან არიდება, პირველ რიგში, ევროპის კონტინენტზე, მათ შორის ისეთის როგორიც საქართველო-ოსეთის კონფლიქტი იყო”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)