Site icon Civil.ge

სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურული ერთეულის გაუქმება იგეგმება

სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელი ერთეული გაუქმდება და ის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შევა, ნათქვამია ”თავდაცვის შესახებ” კანონში მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ასევე გამოიწვევს ფინანსური სახსრების დაზოგვას.

ცვლილებების შედეგად, რომელიც ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დარჩება სახმელეთო ჯარები, გაერთიანებული შტაბი და თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეები.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში პირველი ცვლილება მაშინ განხორციელდა, როცა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან  სამხედრო-საზღვაო ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)