არასამთავრობო ორგანიზაციების ”ადამიანის უფლებათა ცენტრის”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელები 10 მარტს საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ბოლო პერიოდში უფლებადაცვით ორგანიზაციებზე განხორციელებული კამპანიური ზეწოლის ფაქტები, რაზეც საუბარია სპეციალურ განცხადებაში; და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება.
აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ ”საკუთარი შთაბეჭდილების, საკუთარი შეფასების” მიღებას.
”ეს არის ორგანიზაციების ფართო სპექტრთან ჩვენი ურთიერთქმედების ნაწილი, რათა შევძლოთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასება ჩვენი იმ ვალდებულების ფარგლებში, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში წევრობისთვის საჭირო მიზნების განხორციელებაში,” – განაცხადა ბასმა შეხვედრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთის ელჩის დენის კიფის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მუშაობა ”მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის”.
”ჩვენ რამოდენიმე ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს… და ჩვენ ძალიან სასარგებლო და სერიოზული დისკუსია გვაქვს,” – განაცხადა კიფმა.
შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ ტელეკომპანია ”რეალ TV”-ის ჟურნალისტს განუცხადა: ”თქვენი არხი მიზანმიმართულად ცდილობს ზოგიერთი ოპოზიციური წევრის ძალიან ცინიკური პორტრეტის შექმნას და ეს ბევრი ჩვენგანის შეშფოთებას იწვევს”.
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო თვეებში ”ხელისუფლება ცდილობს დისკრედიტაცია მოახდინოს უფლებადამცველების”.
”ჩვენ გვინდოდა, რომ ამის შესახებ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები,”- განაცხადა მან, ”მაგალითად საუბარი იყო მრავალეროვანი საქართველოს ხელმძღვანელზე, არნოლდ სტეფანიანზე დაწყებულ კამპანიაზე, რომელიც არის გამოცხადებული რუსეთის აგენტად; ცნობილი ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე და ა.შ.”
”მრავალეროვანი საქართველოს” ცნობით, მათი ხელმძღვანელის და თბილისის სომხური სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერის არნოლდ სტეფანიანის მიმართ ბოლო 8 თვის განმავლობაში მიმდინარე ზეწოლის კამპანია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 10 თებერვალს რუსულენოვან ინტერნეტ ფორუმებზე გავრცელდა ანონიმური გზავნილები მისი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და მათ სასარგებლოდ ჯაშუშობის თაობაზე, რაც ”შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებსა და ფაქტების ფალსიფიცირებას”.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სტეფანიანის თხოვნის საფუძველზე ფორუმებიდან აღნიშნული ინფორმაციის მოხსნის მიუხედავად, ზოგიერთმა ქართულმა მედია საშუალებამ გააშუქა იმ დროისათვის უკვე არ არსებული ინტერნეტ გზავნილები. საკაბელო არხმა ”რეალ TV”-მ სტეფანიანის ”სავარაუდო სპეციალურ აგენტობასა” და მის კავშირებს ოპოზიციურ ”ალიანსი საქართველოსთან” სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა.
სტეფანიანი ალიანსის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის – ახალი მემარჯვენეების წევრი იყო, თუმცა ის პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, 2008 წლის მარტიდან ”მემარჯვენეებში” აღარ ირიცხება.
”მრავალეროვანი საქართველო” ასევე აცხადებს, რომ სტეფანიანს გარკვეული დროის მანძილზე უთვალთვალებდნენ და იგი ასევე დაბარებული იყო უშიშროების სამსახურში, სადაც აიძულებდნენ თავი დაენებებინა თავისი საქმიანობისათვის – ადამიანის უფლებათა დაცვისა და ქართულ-რუსული სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის შემდგომი ხელშეწყობისათვის, – წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ “მესამე ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით” დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)