საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 11 მარტიდან რომში ვიზიტის ფარგლებში იტალიელ კოლეგას რობერტო მარონის შეხვდება და ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებას "დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ", იტყობინება საქართველოს შსს.
ამავე ცნობით, ვიზიტი ხორციელდება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმხრივი შეხვედრების ინტენსიური პროგრამის ჩარჩოებში, რომელიც თებერვალში რომში საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტებით დაიწყო.
თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ავსტრიის მხარესთან მერაბიშვილმა ვენაში 22 თებერვალს განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში უკვე გააფორმა თავის ავსტრიელ კოლეგასთან მარია ფექტერთან შეხვედრისას.
იმავდროულად, 9 მარტს ვანო მერაბიშვილი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაჰრეინის სამეფოს სტუმრობდა.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეიჰ რაშიდ ბინ აბდულა ალ ხალიფასთან და ამავე უწყების უსაფრთხოების სპეციალური ძალების დირექტორატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს, იტყობინება შსს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)