Site icon Civil.ge

რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საქართველოზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 17 მარტს მოსკოვში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს შეხვდა, სადაც მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც იმსჯელეს, იტყობინებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხუთშაბათს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას და მთიანი ყარაბაღის საკითხები.

გორდონი მოსკოვში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ახლავს თან. 18 მარტს კლინტონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველო არ უხსენებიათ. საუბარი, ძირითადად, შეეხო ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებას, ახლო აღმოსავლეთს და ავღანეთს.

თუმცა, პრესკონფერენციაზე კლინტონმა განაცხადა, დაკონკრეტების გარეშე, რომ ორმხრივ ურთიერთობებში უთანხმოებები რჩება. ”ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ისინი წამოვწიეთ და ამაზე ძალიან გულწრფელად ვისაუბარეთ. თუმცა, ისინი განხილული იქნა საერთო მიდგომის კონტექსტში, რაც მიმართულია იქითკენ, რომ მოიძებნოს ამ უთანხმოებათა სფეროების შევიწროვების გზები,” – განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თავის წინა რამოდენიმე გამოსვლაში არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ საქართველო იმ საკითხებს შორისაა, რომლებზეც ორ ქვეყანას უთანხმოება აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)