Site icon Civil.ge

რუსეთი საქართველოსთან ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზადაა ”ორმხრივი ვაჭრობის ინტერესებიდან გამომდინარე” გაგრძელდეს ქართული პროდუქციისთვის ადრე არსებული პრეფერენციული რეჟიმი და ასევე, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან საქონლის წარმოშობის ქვეყნის დასადგენად ”სრულფორმატიანი წესების შემუშავების მიზნით”.

19 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დსთ-დან საქართველოს გასვლამ, სხვა მრავალმხრივ დოკუმენტებთან ერთად, თბილისისთვის ძალა დაკარგა თანამეგობრობაში მიღებულმა წესებმა საქონლის წარმომავლობის ქვეყნის დადგენის თაობაზე, ”რომლებიც, შექმნილი პრაქტიკის საფუძველზე, შეადგენდნენ აუცილებელ ელემენტს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის რუსულ-ქართული შეთანხმების რეალიზაციის მექანიზმისა”.

”ორმხრივი ვაჭრობის ინტერესებიდან გამომდინარე და ქართული მხარის მომართვების შესაგებებლად, რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა შეიმუშავეს პოზიცია, რომელიც არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გამოძებნის საშუალებას იძლევა,”- ნათქვამია განცხადებაში.

”ჩვენი პრინციპული მიდგომები პრობლემის მოგვარების მიმართ დეტალურად იქნა ასახული 2009 წლის 22 დეკემბრის ნოტაში. დამატებით, 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის შუამავლობით ოფიციალურად აცნობა თბილისს რუსული მხარის მზადყოფნის შესახებ დროებით საფუძველზე გაგრძელდეს ქართული საქონლისათვის ადრინდელი პრეფერენციული რეჟიმის მინიჭება იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამგვარი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების  გაფორმებისათვის განსაზღვრული წესები”.

”ამასთან, ჩვენ საჭიროდ ვთვლით უკვე უახლოეს პერიოდში დავიწყოთ ორმხრივი მოლაპარაკებები ურთიერთ ვაჭრობის სრულფორმატიანი წესების შემუშავების მიზნით, რომლებიც განსაზღვრავენ საქონლის წარმოშობის ქვეყანას,”- აცხადებს რუსული მხარე. 

”გამოვხატავთ რა კეთილ ნებას, ვაპირებთ მომავალში კონსტრუქციულად განვიხილოთ საქართველოსთან ურთიერთობების საკითხები, რომლებსაც კონკრეტული პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნიათ,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.   

რუსული მხარის მტკიცებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ინიციატივა თბილისს ეკუთვნოდა.

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2009 წლის ივლისში ნოტით მიმართა რუსულ მხარეს თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რომელშიც გამოხატა შეშფოთება აღნიშნული ორმხრივი [თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის] შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე და შემოგვთავაზა მათი მოგვარება,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

აქვე აღნიშნულია, რომ ეს საკითხები წამოწეული იქნა ასევე ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნის თაობაზე შუამავლების მონაწილეობით გამართული ორმხრივი კონსულტაციების ორივე რაუნდზე გასული წლის ოქტომბერსა და დეკემბერში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული ინიციატივები თბილისს ეკუთვნოდა.

”ეს არის მორიგი მცდელობა მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოება და პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობა. არავითარი მსგავსი მიმართვა და მსგავსი თხოვნა საქართველოს მხრიდან არ ყოფილა,”- განუცხადა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყარალაშვილმა 20 მარტს ჟურნალისტებს.

აქვე, საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ  ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნაზე გამართულ კონსულტაციებზე ”ბუნებრივად დაისვა საკითხი, თუ რა ტიპის დოკუმენტი უნდა ახლდეს თან საქონელს, რომელიც გადაკვეთს საზღვარს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)