Site icon Civil.ge

PACE-ს მომხსენებლები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოზე მათიას ეორში და კასტრიო ისლამი დღეს თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში ოპოზიციონერთა თქმით, ძირითადი განსახილველი თემა საარჩევნო საკითხები იყო.

”აუცილებლად მათი მხრიდანაც იქნება გაკეთებული განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათი ხმა იქნება კონფიდენციალური, მათი ხმა იქნება დაცული –  საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ამ გზით ივლის არჩევნებამდე და დაიწყება ძალიან სერიოზული მონიტორინგი არჩევნების პროცესის,”- განუცხადა ირაკლი ალასანიამ, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”დღეს უკვე გაყალბებულია არჩევნები”, რადგან ”შეუძლებელია ამ საარჩევნო გარემოში კონკრეტული გამარჯვების რეალიზება”.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქრისტიან-დემოკრატებიდან დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი.  

დღესვე ევროპელმა მომხსენებლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

21-24 მარტს თბილისში ვიზიტის ფარგლებში PACE-ს მომხსენებლები ასევე შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელებს, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის  თავმჯდომარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)