რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან დააკმაყოფილა ქართული ავიაკომპანიის ”ჯორჯიან ეარვეისის” თხოვნა სააღდგომოდ მოსკოვში ექვსი ჩარტერული რეისის განხორციელების თაობაზე, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები 26 მარტს.
”ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს 1, 2 და 3 აპრილს და შემდეგ 10, 12 და 14 აპრილს განახორციელებს.
”ეს საკითხი საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშე გადაწყდა,” – განაცხადა ”ჯორჯიან ეარვეისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
ავიაკომპანიამ მოსკოვში სამი ჩარტერული რეისი იანვარშიც განახორციელა.
თუმცა რუსეთმა უარი უთხრა ”ჯორჯიან ეარვეისს” რეგულარული ფრენების აღდგენაზე იმ მოტივით, რომ ეს საკითხი ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციების განსახილველი იყო. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა თვის დასაწყისში, რომ ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე თბილისს ეკუთვნოდა. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა შეწყვიტა რეგულარული პირდაპირი ფრენები და თბილისი მზად არის განიხილოს საჰაერო მიმოსვლის განახლების შესახებ წინადადება, თუკი რუსეთი ამგვარი ინიციატივით გამოვა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)