პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მას გეგმაში აქვს ქვეყანაში ”კომპიუტერული და ლინგვისტური რევოლუციის” მოხდენა, ინგლისური ენის სწავლების პირველი კლასებიდან დაწყებით და თითოეული პირველკლასელისთვის XO მინი-ლეპტოპის დარიგების გზით.
6 აპრილს ქუთაისში, მთავრობის სხდომაზე საუბრისას სააკაშვილი მიესალმა განათლების სამინისტროს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 სასწავლო წლისათვის ინგლისური ენის სწავლების განვითარების მიზნით დაგეგმილია 1000 ინგლისურენოვანი მოხალისის ჩამოყვანა საქართველოში.
მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ინგლისურის სწავლება მე-5 კლასის ნაცვლად, მოსწავლეებმა პირველივე კლასიდან უნდა დაიწყონ. ასევე უნდა მოხდეს ინგლისური ენის მასწავლებელთა გადამზადება, რომელთაც კვალიფიკაციის შესაბამისად გაეზრდებათ ხელფასები მასწავლებელთა ატესტაციის გეგმის ფარგლებში.
პრეზიდენტის თქმით, უცხო ენების შესწავლას ასევე დაეხმარება ტელევიზიით ფილმების სუბტიტრებით გაშვება.
”ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა, რომლითაც ვამაყობთ, მაგრამ ჩვენ გარდა არავინ არ იცის და თუ ნახავთ სად იციან კარგად ინგლისური, ეს ის ქვეყნებია, სადაც არის ფილმები სუბტიტრებით,”- განაცხადა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ის ასევე რეკომენდაციას უწევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, რომ მომზადდეს ინგლისური ენის ტელე-გაკვეთილები. მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აკეთოს შემეცნებითი გადაცემები და ”არ უნდა გამოეკიდოს რეიტინგს”.
მისივე თქმით, მომავალი წლის სექტემბრიდან პირველკლასელისათვის, ”პრეზიდენტის საჩუქრის” პროგრამის ფარგლებში, წიგნების ნაცვლად ლეპტოპები დარიგებას, რომელშიც სასწავლო პროგრამები იქნება ჩატვირთული.
სააკაშვილმა ამ მიზნით მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა XO მინი-ლეპტოპი, რომელიც შექმნილია ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია One Laptop Per Child-ის (თითო ლეპტოპი თითო ბავშვზე) მიერ.
მისი თქმით, საყოველთაო კომპიუტერიზაცია ”ისტორიული” საკითხია, რადგან ამით ”მართლა სხვა თაობას წარმოვქმნით”.
”ჩვენ უნდა საქართველოში დავგეგმოთ ახლა, დაწყებული პატარა ბავშვებიდან კომპიუტერული და ლინგვინსტიკური რევოლუცია. დრო გაშვებული გვაქვს ბევრი, მაგრამ ჩქარა თუ ვიმოძრავებთ, ყველაფერს დავეწევით. აი ეს არის ჩვენი შემდგომი დიდი გამოწვევა საქართველოს მოდერნიზაციის კუთხით,”- განაცხადა მან.
”თქვენ გეგონათ რომ შემდგომი დიდი გამოწვევა არის არჩევნები?” – მიმართა მან მთავრობის წევრებს და განაგრძო: ”მინდა დაგაწყნაროთ – ეს შეიძლება არ იყოს დიდი გამოწვევა. ეს არის [მიუთითა ლეპტოპზე] ნამდვილად დიდი გამოწვევა… არჩევნები ჩაივლის, შედეგები იქნება – ეს ყველაფერი დროებითია და მთავარი არის, რასაც ჩვენ შევქმნით მომავალი თაობებისთვის”.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა გეგმავს კომპიუტერების დარიგებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ბავშვებისთვის. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში იგივე გააკეთოს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის.
”ჩვენ ვთავაზობთ საოკუპაციო ხელისუფლებას რუსეთის – იმიტომ რომ არანაირი დე ფაქტო ხელისუფლება ან დეფექტი ხელისუფლება არ არსებობს; ადრე დეფექტი ხელისუფლება არსებობდა და ახლა ისიც არ არსებობს; არსებობს რუსული საოკუპაციო ხელისუფლება – ეს ყველას გასაგებად, რომ აღარ წამოგვცდეს ეს – არ არსებობს დე ფაქტო ხელისუფლება და არ არსებობს დე ფაქტო საზღვარი; არსებობს დემარკაციის ხაზი ოკუპანტების მიერ გავლებული, საოკუპაციო ხაზი და არსებობს საოკუპაციო ხელისუფლება – ჩვენ ვთავაზობთ და შევთავაზებთ შვეიცარიის საელჩოს გავლით საოკუპაციო რუსული ჯარების სარდლობას და მათ უფროსებს მოსკოვში, რომ ჩვენ, ვინაიდან მოსკოვიდან წამოსული ფული იპარება, როგორც ყველამ კარგად ვიცით, ამას [ლეპტოპებს] ჩვენ ფიზიკურად მივუტანთ, ოღონდ იმ პირობით რომ საერთაშორისო კონტროლი იქნება, რომ მართლა ერთმანეთს არ დაუწყონ ამის სროლა ან ჩვენ არ გვესროლონ უკან და ყველა ბავშვს, ვინც არის დარჩენილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენ მზად ვართ ეს დავურიგოთ,”- განაცხადა მან.
”ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგიის ნაწილი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის სწორი ნაწილი და ამიტომ ვშიშობ, რომ შეიძლება არც მიიღონ ეს,” – განაგრძო მან, ”რა თქმა უნდა, საუბარია მილიონებზე აქ. ჩვენ მზად ვართ ეს მილიონები დავხარჯოთ იმისათვის, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩვენ ვთვლით ჩვენს მოქალაქეებად და ჩვენი მომავლის განუყოფელ ნაწილებად ყველანაირად დავეხმაროთ – მათი ბრალი არ არის, რაც ხდება იქ”.
მისი თქმით, სეპარატისტულ რეგიონებში ”ხდება ბავშვების ინდოქტრინაცია ეთნიკური ნიშნით”.
”მეორე მსოფლიო ომის წინ აკეთებდნენ ამას ერთ ცნობილ ქვეყანაში… ეს ხდება დღეს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ სადაც შევა კომპიუტერი, იქ ვერანაირი მოსკოვიდან ჩამოსული მეთოდოლოგია ამას ვერ შეცვლის,”- აღნიშნა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)